27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყანას ნოემბერში მეოთხე პრეზიდენტი ეყოლება.
დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობამ პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 26 მაისს აირჩია. მანამდე ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბრიდან უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებდა. მისი და მისი პარტიის ინიციატივით 1991 წლის 31 მარტს მოეწყო საერთო სახალხო რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 98 პროცენტმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. იმავე დღეს აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო რეფერენდუმის შედეგები.
დამოუკიდებლობა რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა. ეს იყო პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი, მაგრამ დეკლარაციული აქტი. შემდეგ იყო აგვისტოს მოსკოვის პუტჩი, ხოლო რეალური დამოუკიდებლობა ბელოვეჟსკაია პუშჩაში საბჭოთა კავშირის დაშლის გადაწყვეტილებასთან ერთად მოვიდა საქართველოში.
ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობა უჭირდა. მგონი, საერთოდ, ყველასთან უჭირდა ურთიერთობა; არ სურდა პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგი. მისი დევიზი „საქართველო ქართველებისთვის” არ შეესაბამებოდა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებებს. ამერიკასა და დასავლეთს მასონებსა და იმპერიალისტებს ეძახდა. არანაკლებ მძაფრი იყო მისი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით. თუმცა მოსკოვის ბრძანებას, საქართველოს დაეშალა უკანონო საჯარისო ფორმირება (უკანონო – მოსკოვისთვის, საუბარია ეროვნულ გვარდიაზე) გამსახურდია უმალ დათანხმდა. მაგრამ გამსახურდიას არ დათანხმდა ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი თენგიზ კიტოვანი. მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა გამსახურდიასთვის. დეკემბერში სამოქალაქო ომი დაიწყო და 1992 წლის იანვარში გამსახურდია ქვეყნიდან გაიქცა.
საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი 1995 წლის ნოემბერში ედუარდ შევარდნაძე გახდა. მანამდე ის სახელმწიფო საბჭოს მეთაურობდა, რომელიც ქვეყნის მთავარი მმართველი ორგანო იყო სამოქალაქო ომის შემდეგ.
შევარდნაძე მეორედაც აირჩიეს პრეზიდენტად – 2000 წლის 9 აპრილს.
შევარდნაძის დროს მოხდა საქართველოს დასავლური კურსის დეკლარირება. მან მოახერხა იმ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების თარეშის აღკვეთა, როგორიც იყო მხედრიონი, სხვადასხვა გვარდია თუ უბნის საძმო. შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, რამაც პოლიტიკური დებატების ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა.
მაგრამ შევარდნაძემ ვერ მოახერხა ქვეყნის ინტეგრირება. აღარაფერს ვამბობ ომების შედეგად დაკარგულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, სერიოზული პრობლემები გაჩნდა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. სამეგრელოშიც კი. ეს რეგიონები ღიად აცხადებდნენ თავიანთ არალოიალურ დამოკიდებულებას ცენტრის მიმართ.
შევარდნაძემ ასევე ვერაფერი მოუხერხა ტოტალურ კორუფციას და სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს სისუსტეს. შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში საქართველო დასავლური პოლიტიკური წრეების კულუარებში არშემდგარ სახელმწიფოთა რიცხვში მოიხსენიებოდა. საქართველოს საერთაშორისო სარბიელზე წონა არ გააჩნდა და თუ რამე იყო პოზიტიური, ესეც იმავე შევარდნაძის მიერ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს დაგროვილი პირადი რენომეს ხარჯზე. ესეც დღითი დღე ორთქლდებოდა.
შემდეგი პრეზიდენტი 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილი გახდა ვარდების რევოლუციიდან ორ თვეში. ის ახლაც პრეზიდენტია 27 ოქტომბრამდე მას შემდეგ, რაც 2008 წელს ხელმეორედ აირჩიეს.
სააკაშვილმა კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანა, დაბალი რანგის ჩინოვნიკების დონეზე საერთოდაც მოსპო. გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის ურთიერთქმედება. ეფექტიანად ამუშავდა საბაჟო, საგადასახადო და პოლიცია. ქვეყნის ბიუჯეტი ათჯერ და მეტად გაიზარდა. საქართველოს 9 წლის განმავლობაში ჰქონდა საშუალოდ 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა. საგრძნობლად გაძლიერდა ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. გადაიჭრა აჭარის, ჯავახეთისა და სამეგრელოს დეზინტეგრაციის პრობლემები. სააკაშვილმა მოახერხა და საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე დისკურსის საგანი გახადა. სააკაშვილი შეეცადა კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის ნორმების ჩარჩოებში მოექცია. საქართველო თავისი ინტერესების დაცვას შორეულ კონტინენტებზეც ცდილობდა: ლათინურ ამერიკასა და ოკეანიაში. საქართველო პრაქტიკულად რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა ეკონომიკურ საკითხებში.
მაგრამ სააკაშვილის მიდრეკილება, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილებები, საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მის მიერ ასე გაძლიერებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და, განსაკუთრებით, პროკურატურას, პოლიციას არათუ საზოგადოება, მისივე პოლიტიკური სპექტრი და სასამართლოც კი ვეღარ აბალანსებდა. სააკაშვილის ავტოკრატიულობისკენ მიდრეკილი მმართველობის სტილი და ძალოვანი უწყებების უპირობო დომინირება აშკარა დისონანსში მოვიდა დეკლარირებულ დემოკრატიული და დასავლური ყაიდის სახელმწიფო მოწყობასთან.
ამას დაერთო ის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეცვლილი კონსტიტუციით 2014 წლიდან გაცილებით მეტი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს ექნება და არა პრეზიდენტს. და სააკაშვილმა არც ერთხელ საჯაროდ არ განუმარტა საზოგადოებას, რომ ის თავისი დაუძინებელი მტრის, ვლადიმირ პუტინის მოდელის შემოთავაზებას არ აპირებს. ანუ არ აპირებს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიჭიროს პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ახალი კონსტიტუციით ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო წარმომადგენლობითა და ომის დროს მთავარსარდლობით შემოიფარგლება. იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე ფუნქციის შესრულება მომავალ პრეზიდენტს არ მოუწევს… და არც მის შემდეგს… და არც იმის შემდეგს!
რაღა რჩება პრეზიდენტის იურისდიქციაში? თითქოს არც არაფერი. მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. წარმოიდგინეთ ამბიციური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა: ის ხომ აირჩიეს ძალიან მაღალი ლეგიტიმურობის პრინციპით – პირდაპირი სახალხო არჩევნებით. ის საზოგადოების წარმომადგენელია ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში. მაგრამ მას პრაქტიკულად არა აქვს პასუხისმგებლობები. ეკონომიკური ვარდნა? მთავრობის ბრალია! სოციალური პრობლემები? ის არაფერ შუაშია, მთავრობა ვერ მუშაობს. და მას აქვს ტრიბუნა: ის პრეზიდენტია. მთავარია მოინდომოს და შეუძლია ხუთი წლის განმავლობაში ტელეეთერიდან გამოუსვლელად აკრიტიკოს მთავრობა, შექმნას საზოგადოებრივი ტენდენციები და მიმართულებები, მომართოს და მუდმივ სიფხიზლეში ამყოფოს საზოგადოება, არ მისცეს მას მოდუნების საშუალება. ოღონდ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ ის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამას მოინდომებს. თუ არ მოინდომებს, ცხადია, არც იზამს.
ჩემი აზრით, მომავალი პრეზიდენტის მთავარი ფუნქციაც სწორედ ეს არის – მისი მეშვეობით უნდა აქცევდეს საზოგადოება მთავრობას წნეხის ქვეშ. რამდენადაც კარგად არ უნდა მუშაობდეს მთავრობა, არ უნდა მოხდეს წინა ხელისუფლების მსგავსი გადაცდენები. მინდა ამ პრიზმიდან შევხედოთ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
ცეესკომ, თუ არ მეშლება, 12 კანდიდატი დაარეგისტრირა. ამას არც აქვს მნიშვნელობა, რამდენი. ნუ მიწყენენ კანდიდატები და მათი მცირერიცხოვანი მომხრეები (ალბათ, ის, რასაც ახლა ვიტყვი, გულის სიღრმეში მათაც კარგად იციან), მაგრამ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა ამ კანდიდატთა შორის სამია: ბურჯანაძე, მარგველაშვილი და ბაქრაძე.
ბურჯანაძისთვის ეს არჩევნები პოლიტიკაში „ქამ ბექის” სერიოზული შანსია. ის ორჯერ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეორე პირი. მაგრამ მას მეტი უნდოდა ყოველთვის. თუნდაც მას შემდეგ, რაც პირველად გახდა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს პარლამენტის თავმჯდომარე. პატარა დეტალი ავიღოთ – როდესაც ის უცხოეთში ვიზიტით მიემგზავრებოდა, ითხოვდა, რომ მისი დახვედრის რანგი პირველი პირის შესაბამისი ყოფილიყო. მისი ნაციონალურ მოძრაობასთან გაყრაც, ვფიქრობ, იმ მიზეზით არ მომხდარა, რომ ის პარტიის ქმედებებს არ ამართლებდა – დამეთანხმებით, ალბათ, რომ მას აქვს უნარი, ბევრი რამ გაამართლოს, თუ საქმე მოითხოვს. მან დაინახა, რომ ამ პარტიის ფარგლებში ის არასოდეს გახდება პირველი. მას ნაციონალები არ წარადგენენ პრეზიდენტად თუ პრემიერად. ეს ერთ-ერთი ხილული მიზეზი იყო მისი „გადახტომის”.
შეძლებს თუ არა ბურჯანაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აკრიტიკოს მთავრობა და მომართოს საზოგადოება? აუცილებლად! ის ამ ფუნქციას სიამოვნებით იტვირთებს. მას ხომ პირველობა უნდა.
საინტერესო ისაა, სხვა რა ფარული და ნახევრად ფარული გეგმები აქვს ბურჯანაძეს.
მარგველაშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, ამ სამეულში, ალბათ, ყველაზე ნაკლებია ცნობილი. ის არც ადრე ყოფილა პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ პოლიტიკასთან ახლოს ტრიალებდა. ამიტომ, მისი რეალური ამბიციებიც უცნობია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ის არ დაიწყებს იმ პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის კრიტიკასა და ოპონირებას, რომელმაც იგი შვა როგორც პოლიტიკოსი და, არჩევნების მოგების შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტი.
ის უფრო მეტად ქართული საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სპექტრის იმ მიმართულების წარმომადგენელს წააგავს, რომლებიც თვლიან – პრეზიდენტიც „ქართული ოცნების” იქნება, ნაციონალები საბოლოოდ ამოიძირკვებიან ხელისუფლებიდან, მათ საბოტაჟს ბოლო მოეღება, საზიზღარი კოჰაბიტაცია დამთავრდება, ჩიტები აჭიკჭიკდებიან და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ.
ბაქრაძეც ხუთი წელი იყო ქვეყნის ფორმალურად მეორე პირი. დიახ, ფორმალურად, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ვინც იყვნენ სააკაშვილის დროს რეალური მეორე და მესამე პირები. მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძის ამბიციები დროდადრო გამოკრთებოდა ხოლმე, მას რაიმე ღონისძიებებისთვის არ მიუმართავს, რომ თავისი მეორეპირობა რეალობად ექცია. იგი პარტიულ კონიუნქტურას ექვემდებარებოდა.
ბაქრაძე მომლოდინე პოლიტიკოსია. ახლაც, ბოლო ერთი წელია, ის გამოირჩევა როგორც ყველაზე ნაკლებაგრესიული ნაციონალი „ქართული ოცნების” მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკას იშურებს მმართველი გუნდის მისამართით, მაგრამ აშკარად განსხვავდება იმ მეინსტრიმული რისხვის ტონალობისგან, რომელსაც ნაციონალები „ქართული ოცნების” მიმართ არ მალავენ. ბაქრაძე ასევე შესამჩნევად მეტს საუბრობს მათი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზე.
ბაქრაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საინტერესო სურათი შეიძლება მივიღოთ: ყველაზე რბილი, უკიდურესად პროდასავლური ნაციონალი პრეზიდენტი „ქართული ოცნების” მთავრობის დიფუზიური გუნდის წინააღმდეგ. ბაქრაძე, მისი პოლიტიკური ყაიდიდან გამომდინარე, არამც და არამც არ გაიტანს ამ დაპირისპირებას ინსტიტუციურ ფარგლებს გარეთ. მაგრამ დაპირისპირებები იქნება! დაპირისპირებები – ცხარე და პოლიტიკური.
Forbes Georgia-ს მომდევნო ნომერი რომ გამოვა, უკვე გვეცოდინება, ვინ იქნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, თუ მეორე ტური არ დაინიშნა.
ცხადია. შევხედავთ, ვინ ვის გააკრიტიკებს და ვინ ვის არ გააკრიტიკებს.