ახალი თაობის ელექტრობატარეას ფუნქციონირება ასი წლის განმავლობაში შეუძლია

ახალი თაობის ელექტრობატარეას ფუნქციონირება ასი წლის განმავლობაში შეუძლია

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს კვლევითმა ცენტრმა სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკელზე დაფუძნებული ახალი თაობის ელექტრობატარეის მონახაზი არის განხილული, რომელსაც ფუნქციონირება 100 წლის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს.

ახალ ელექტრობატარეაზე Tesla და კანადელი მეცნიერი, ჯეფ დანი ერთობლივად მუშაობენ. ეს უკანასკნელი, თავის წილ, დღეს ფართოდ გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეების ერთ-ერთი პიონერია. ამ ტექნოლოგიაზე დანი მისი შექმნის შემდეგ მუშაობს, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მდებარე დალჰაუსის უნივერსიტეტში, სადაც Tesla-მ ელექტრობატარეების კვლევითი ცენტრი დააფუძნა. საინტერესოა, რომ ლითიუმ-იონური ბატარეების წარმატება სწორედ ჯეფ დანის სახელს უკავშირდება, რადგან მათი გამძლეობის გაზრდაში მეცნიერმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

ელექტრობატარეების ეფექტიანობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ენერგიის სიმკვრივეს, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა მოცულობის ენერგიის შენახვა შეიძლება ენერგიის წყაროს ერთეულ მოცულობაში. ეს საზომი ერთეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომანქანებისთვის, რადგან მანქანის მიერ გასავლელი მანძილი სწორედ მასზე არის დამოკიდებული. რაც უფრო ელექტრომკვრივია ელექტრომობილის ბატარეები, მით უფრო ნაკლები ბატარეა სჭირდება მას კონკრეტული მანძილის დასაფარად და მით უფრო მეტი ადგილი რჩება ელექტრომობილის სხვა ნაწილებისთვის.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე ადამიანისთვის ცნობილ ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე მაღალი სიმკვრივე საწვავს აქვს, რომელიც ადამიანების მიერ შექმნილ ბატარეებზე ასჯერ უფრო ენერგომკვრივია. თუმცა, ამის მიუხედავად, ბუნებრივი წიაღისეულის მოხმარება გარემოზე უარყოფითად ზემოქმედებს, რის გამოც ელექტრობატარეებს სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ Tesla-სა და ჯეფ დანის თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება – კანადელ მეცნიერს კომპანიისთვის უკვე არაერთი პატენტი აქვს მოპოვებული. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შესაძლოა, ნიკელზე დაფუძნებული ეს ბატარეა დანის მთავარ მიგნებად ჩაითვალოს, რადგან ელექტრომანქანებში დღეს გამოყენებულ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით, ის გაცილებით უფრო ეფექტიანია. ამასთანავე, ახალი ტიპის ბატარეები უფრო გამძლეა – ჰიპოთეზურად, თუკი ბატარეა მუდმივად 25 გრადუს ტემპერატურას შეინარჩუნებს, მისი გამოყენება ასი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნიკელის ბატარეებს თავის დროზე კობალტთან ერთად იყენებდნენ. თუმცა, კობალტის ნეგატიური ზეგავლენის გათვალისწინებით, მეცნიერები მის გამოყენებას თავს არიდებენ.

როგორც ირკვევა, Tesla ჯეფ დანის მუშაობით კმაყოფილია, რის გამოც, მასთან თანამშრომლობა 2026 წლამდე გააგრძელა. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე, Tesla ახალი თაობის გაცილებით უფრო ეფექტიან ელექტრობატარეებს შემოგვთავაზებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.