„ალ-ჰილალმა“ მესის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

„ალ-ჰილალმა“ მესის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

საუდის არაბეთის კლუბმა „ალ-ჰილალმა“, ფეხბურთის არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მიმდინარე ზაფხულს ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს, მომდევნო სეზონისთვის მისი გეგმები კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის კლუბი ერთადერთია, რომლისგანაც მესიმ ამ ეტაპზე შემოთავაზება მიიღო. დეტალები უცნობია, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო თანხას ჰპირდება. Telegraph-ისა და არგენტინული მედიის ინფორმაციით, მესისთვის გაკეთებული წლიური შეთავაზება $400 მილიონია, სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით კი, თანხა შესაძლოა თითო სეზონში $440 მილიონს აღემატებოდეს.

შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მესი პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრებს და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება. ცნობისთვის, რონალდუს ხელფასი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასარში“ გადასვლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და $75 მილიონს მიაღწია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მთლიანობაში კრიშტიანუ კლუბისგან წელიწადში დაახლოებით 220 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. Forbes-ის მონაცემებით, რონალდუ 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ($136 მილიონი) ფეხბურთელი გახდა, იმავე რეიტინგში მეორე ადგილზე სწორედ მესია, გასულ 12 თვეში გამომუშავებული $130 მილიონით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ PSG-ის ფანები ფეხბურთელს არასრული ძალებით თამაშში ადანაშაულებენ. თავად არგენტინელი კარიერის ევროპაში გაგრძელების იმედს გამოთქვამდა, თუმცა ბოლო პერიოდში მჭიდრო კავშირები დაამყარა საუდის არაბეთთან და ქვეყნის ტურისტული ელჩიც გახდა.