Amazon-ი დამატებით 9,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Amazon-ი დამატებით 9,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი, ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებით 9,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით 1.5 მილიონი ადამიანია დასაქმებული, შემცირებების ახალი ეტაპი კი ძირითადად cloud-გამოთვლებისა და რეკლამირების მიმართულებით მომუშავე პერსონალს შეეხება.

შემცირებები უახლოეს კვირებში განხორციელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნების თანამშრომლებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ Amazon-ი თანამშრომლების გათავისუფლებას თამაშებისა და მუსიკის კონტენტისთვის პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმა Twitch-შიც გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2014 წელს $1 მილიარდად შეიძინა.  საინტერესოა, რომ  გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, Twitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ემეტ შირმა 16 წლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ თანამშრომელთა გათავისუფლებას რთული, თუმცა Amazon-ის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უწოდა. ჯესის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილება უმეტესწილად სწორედ არსებულმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და გაურკვევლობამ განაპირობა. ცნობისთვის, იანვარში კომპანიამ 18,000 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა.

თუმცა Amazon-ი ერთ-ერთი ნამდვილად არაა, რომელმაც არსებული ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე თანამშრომელთა გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ხარჯების შემცირებისა და ეფექტიან კომპანიად გარდაქმნის მიზნით, თანამშრომლები გაათავისუფლეს Meta-სა და Google-შიც. მხოლოდ გასულ კვირას Meta-მ დამატებით 10,000 დასაქმებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *