Amazon-ი მზადაა, MGM-ის შესაძენად $9 მილიარდი გადაიხადოს

Amazon-ი მზადაა, MGM-ის შესაძენად $9 მილიარდი გადაიხადოს

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Amazon-ი MGM-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. Amazon-ის განცხადებით, კომპანია $9 მილიარდს გადაიხდის Metro Goldwyn Mayer-ისთვის.

ცნობისთვის, Amazon-მა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გასართობ პლატფორმებს დაუთმო, რადგანაც ის სწრაფად მზარდ ბიზნესსეგმენტს წარმოადგენს. 2020 წელს კომპანიამ $11 მილიარდი დახარჯა სატელევიზიო შოუებზე, ფილმებსა და მუსიკაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო მასშტაბით 200 მილიონამდე ადამიანია დარეგისტრირებული Prime Video-ზე, რომლის მოგებამაც გასულ წელს $175 მილიონი შეადგინა. გასაკვირი არაა, რომ Amazon-ს სურს, Prime Video კიდევ უფრო გააფართოოს, რისთვისაც MGM-ის შეძენა საუკეთესო გზაა.

შეგახსენებთ, Metro Goldwyn Mayer-ი ამერიკული მედიაკომპანიაა, რომელიც ძირითადად ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების წარმოებით არის დაკავებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გამოშვებულ ფილმებს უამრავი „ოსკარი“ აქვთ მიღებული. MGM-ის 4000 ფილმს შორისაა „შესანიშნავი შვიდეული“, „კრავთა დუმილი“, „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ და მრავალი სხვა. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა $403.3 მილიონი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *