Forbes-ი 2021 წლის ტოპ-2000 კომპანიის სიას აქვეყნებს

Forbes-ი 2021 წლის ტოპ-2000 კომპანიის სიას აქვეყნებს

Forbes-ი 2021 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის Forbes-ის ტოპ-2000 საჯარო კომპანიის რეიტინგი, რომელიც კომპანიების შესაფასებელ 4 თანაბარ კრიტერიუმს (გაყიდვები, მოგება, ქონება და საბაზრო ღირებულება) ეყრდნობა და 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.

2021 წლის სტატისტიკა განსაკუთრებით საინტერესოა იმის შესაფასებლად, თუ როგორ მოახერხეს კომპანიებამ 2020 წლის გამოწვევებთან გამკლავება. შედეგები არცთუ  ისე სავალალო აღმოჩნდა. ცენტრალური ბანკების მიერ ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის დაწესების შემდეგ, ინვესტორები მიხვდნენ, რომ კაპიტალის ინვესტიციას ალტერნატივა არა აქვს: გლობალური საფონდო ბირჟა გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 48%-ით გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ Global 2000-ის კომპანიების უმეტესობას წინა წელთან შედარებით გაყიდვები და მოგება შეუმცირდა, ჯამური ქონებისა და საბაზრო ღირებულების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ამასთანავე, თუ საჰაერო, საცალო ვაჭრობისა და ნავთობის სექტორებმა პანდემიის შედეგად უდიდესი ზარალი განიცადეს, ზოგიერთი კომპანიისთვის 2020 საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა: ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და AstraZeneca, ან Amazon-ი, რომელიც იმდენად გაზრდილი დატვირთვით მუშაობდა, რომ თანამშრომლების ნაკლებობასაც კი განიცდიდა.

რეიტინგის ტოპ-10-ეულში 5 ამერიკული და 4 ჩინური კომპანიაა. პირველ ადგილს უკვე მეოთხე წელია, ჩინური საბანკო კომპანია ICBC (Industrial and Commercial Bank of China Limited-ი) იკავებს. ICBC-ი ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომერციული ბანკია, რომელიც $4,914.7 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს. ათეულის დანარჩენი სამი ჩინური კომპანიიდან კიდევ ორი ბანკი: China Construction Bank-ი (მე-4 ადგილი) და Agricultural Bank of China (მე-9 ადგილი), და ერთი სადაზღვევო კომპანია Ping An Insurance Group-ია (მე-6 ადგილი). ზოგადად, 2020 წლის განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა როგორც შემოსავლებით, ისე Global 2000-ის სიაში წარმოდგენილი კომპანიების რაოდენობით.

რაც შეეხება აშშ-ის კომპანიებს, ლიდერობენ საინვესტიციო ბანკი JPMorgan Chase-ი, უორენ ბაფეტის კონგლომერატი Berkshire Hathaway და ამერიკის ბანკი (BAC). ტოპ-10-ეულში მოხვდნენ ტექნოლოგიური გიგანტები Apple-ი და Amazon-იც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *