Amazon-ი ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას გეგმავს

Amazon-ი ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას გეგმავს

Amazon-ის ფიზიკური მაღაზიების განყოფილებაში ჭკვიანი მაცივრის გამოშვებას ფიქრობენ, – ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ცნობისთვის, კომპანიის სწორედ ამ დეპარტამენტმა შექმნა Amazon Go-ს ბრენდის ქვეშ მოქცეული მაღალტექნოლოგიური მაღაზიები. Business Insider-ის ინფორმაციით, ჭკვიან მაცივარს მარაგების მართვა,  მომხმარებლის პროდუქტების ყიდვის რუტინის შესწავლა და მასზე დაყრდნობით პროდუქტების შეთავაზება და შეკვეთა შეუძლია – მეტიც, პროდუქტების მოტანის შემდეგ,  მაცივარი მათ ვარგისობასა და შემადგენლობას შეისწავლის და დააკვირდება.

Business Insider-ის ინფორმაციით, ამ პროექტზე, რომელსაც „პროექტი პულსი“ ჰქვია, კომპანიაში უკვე ორი წელია, რაც მუშაობენ. პროექტს Amazon-ის კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოპი პრაშანტი კურირებს. Amazon-ის ჭკვიანი მაცივრის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მეტიც, არავინ იცის, გამოჩნდება თუ არა ის საერთოდ. თუმცა, თუ ეს მართლაც მოხდა, მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობას Amazon-ი სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი მაცივრის იდეა – არახალია. საკვების დახარისხება,  მაღაზიიდან შეკვეთა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან დაკავშირება Samsung-ისა და LG-ს მაცივრებსაც შეუძლიათ. ისე კი, თავისთავად ცხადია, რომ ამ მხრივ Amazon-ს კონკურენტული უპირატესობა ექნება – კომპანია ხომ არაერთ სავაჭრო ქსელს ფლობს. მეტიც, Amazon-ი ჭკვიანი ასისტენტის, Alexa-ს ინტეგრაციითაც იხეირებს.