გადაზიდვების გიგანტის, Amazon-ის, ინდოეთის ოფისი უარყოფს ცნობებს მათი აღმასრულებლების დაკავების შესახებ მას შემდეგ, რაც ორმა პირმა ქვეყანაში კანაფის კონტრაბანდულად შემოტანისთვის ვებგვერდი გამოიყენა. აღნიშნული განცხადება „ამაზონის“ ინდოეთის ოფისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ინდოეთის მედიაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია ზემოთქმულის შესახებ.
ინდოეთის ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში „ამაზონის“ ინდოეთის ოფისი ერთ-ერთ მხარედ იყო მოხსენიებული. თუმცა ჯერჯერობით საქმე გამოძიების პროცესშია, რომლის დროსაც არც ერთი აღმასრულებელი დირექტორი არ დაუკავებიათ.
„ცნობები იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებისას „ამაზონის“ აღმასრულებელი პირები დააკავეს ან დაადანაშაულეს, არასწორია. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია არც იმის შესახებ, რომ გამოძიება მათი დაკითხვით არის დაინტერესებული“, – განუცხადა კომპანიამ ბრიტანულ მედიაგამოცემა BBC-ს.
გარდა ამისა, კომპანიამ დასძინა, რომ გამოძიების ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ უწყებებთან. შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის პოლიციამ გასულ კვირას ორი პირი დააკავა 20 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების გადატანისას ინდოეთის სხვა შტატში.
პირველადი ინფორმაციით, ვებგვერდის დახმარებით აქამდე ჯამში 1000 კილოგრამი მარიხუანა გაიყიდა, რომლის ღირებულებაც 148 000 აშშ დოლარს შეადგენს. დაკავებული პირები კანაფს შენიღბულად ყიდდნენ. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში აღმასრულებელი დირექტორების ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკული გიგანტი გადამზიდი კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.