საკრედიტო კვლევის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსესხებზე  მოთხოვნა გაიზარდა

საკრედიტო კვლევის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსესხებზე  მოთხოვნა გაიზარდა

გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო პირობების კვლევის მესამე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესსესხებზე მოთხოვნა გაიზარდა. აღნიშნული ზრდა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით მოთხოვნილ სესხებზე ფიქსირდება.

საბანკო სექტორის წარმომადგენლების პროგნოზით, ზრდა მომდევნო კვარტალშიც შენარჩუნდება. როგოც ჩანს, ბიზნესსესხებზე მოთხოვნის ზრდას თავისი მიზეზი აქვს. ეროვნული ბანკის განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, ივნისთან შედარებით, კორპორაციული სესხების გაწლიურებული ზრდის ტემპი 31%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესსესხებს, მათი რაოდენობა 20%-მდე შემცირდა.

საინტერესოა აღნიშნული საკითხის ვალუტის პრიზმაში განხილვაც. ბიზნესსესხების ზრდა უმეტესწილად კვლავინდებურად ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა განაპირობა. რაც შეეხება სექტორებს, აქ ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინდუსტრიებზე მოდის.

საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მესამე კვარტალში დაკრედიტების არასაპროცენტო პირობები ბიზნესსესხებისათვის მცირედით გამკაცრდა. ეს კი მეტწილად რისკისადმი მიდრეკილების ცვლილებით იყო განპირობებული. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საბანკო სექტორის წარმომადგენლები არასაპროცენტო პირობების მნიშვნელოვან ცვლილებას მომდევნო კვარტალისათვის არ ელოდებიან.

ამავე კვლევით დგინდება ისიც, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნესსესხებისათვის  მცირედით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *