Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-ი დასაქმებულების საათობრივი საშუალო ანაზღაურების გაზრდას და დამატებით 125,000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს საწყობისა და სატრანსპორტო სამსახურისთვის. კომპანიის მიერ გაზრდილი საათობრივი საშუალო ანაზღაურება $18-ზე მეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიამ ანაზღაურება მაისში $17-დან უკვე გაზარდა. გარდა ამისა, გარკვეულ ლოკაციებზე Amazon-ი ბონუსების სახით $3,000-ს გასცემს ან ასამმაგებს მათ მიერ ოთხი თვით ადრე შეთავაზებულ გადასახადს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, აშშ-ში შრომის ბაზარი უფრო მეტად მჭიდრო გახდა. კომპანიების მიერ შეთავაზებული ანაზღაურების მოცულობა კი პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად არის დაინტერესებული კონკრეტული ორგანიზაცია სასურველი კადრის დაქირავებით.
Amazon-ის მიწოდების სერვისის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის მიერ ანაზღაურების ზრდის მიზეზი აშშ-ის შრომის ბაზარზე არსებული სასტიკი კონკურენციაა. Amazon-ი ზუსტ მონაცემებს არ ასახელებს, თუმცა საათში $17-ის ანაზღაურების $1-ით ზრდა დაახლოებით 6%-იან მატებას უთანაბრდება. კომპანია ამ ეტაპისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ყველაზე დიდი კერძო დამსაქმებელია. ონლაინვაჭრობის უმსხვილესმა ორგანიზაციამ $15 მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად 2018 წელს შემოიღო. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, Walmart-ის საათობრივი ანაზღაურება $16.40-ს უდრის, ხოლო Walgreens Boots Alliance-ის საათობრივი ანაზღაურების მინიმუმი ოქტომბრიდან $15-ს გაუტოლდება.
Amazon-ი $15-იან საბაზო საათობრივ ანაზღაურებას კვლავ შეინარჩუნებს, ამასთან ერთად კი კომპანიის თანამშრომლებს ჰპირდება კოლეჯის საფასურის დაფარვას და საწყის, $22.50-ზე მაღალ საათობრივ ანაზღაურებას სხვადასხვა სფეროში, რაც Amazon-ს მისი სხვა კონკურენტებისგან განასხვავებს.
შეგახსენებთ, რომ Amazon-ი საათობრივი ანაზღაურების ზრდასთან ერთად დამატებით 125,000 თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს როგორც ნახევარ, ასევე სრულ განაკვეთზე. ნიკოლ ბილიჩის, ადამიანური რესურსების მენეჯერის განცხადებით, კონკურენტულმა ანაზღაურებამ აპლიკანტთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია Amazon-ის კალიფორნიის საწყობისთვის, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდება. თუმცა 3-4 თვის განმავლობაში 2,200 ადამიანის დაქირავება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. გარდა ამისა, თვის დასაწყისში Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტექნიკური და კორპორაციული სამუშაოებისთვის 5,500 სამუშაო ადგილი დააანონსა.