ავღანეთში უმაღლესი განათლების მიმართულებით შეზღუდვები წესდება

ავღანეთში უმაღლესი განათლების მიმართულებით შეზღუდვები წესდება

თალიბანმა სტუდენტი ქალებისთვის ახალი წესები შემოიღო. განსხვავებული სქესის სტუდენტები სხვადასხვა აუდიტორიებში ისწავლიან  და სტუდენტ ქალებს დრესკოდის დაცვა მოუწევთ.

უმაღლესი განათლების მინისტრი აბდულ ბაკი ჰაკანის განცხადებით, ქალებს სწავლის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ, მაგრამ არა მამაკაცებთან ერთად. მან ასევე იმ საგნების ჩამონათვალი გაასაჯაროვა, რომელთა სწავლაც მოსწავლეებს შეეძლებათ.

თალიბანმა პირობა დადო, რომ ის ხელს არ შეუშლიდა ქალებს განათლების მიღებაში, თუმცა კონტროლის მოპოვების შემდეგ ქალებს მოუწოდა, დროებით თავი აარიდონ სამსახურს, ვიდრე ქვეყანაში ქალებისათვის უსაფრთხო გარემო არ შეიქმნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვები უარყოფითად აისახება ქალების განათლების დონეზე, რადგან უნივერსიტეტებს არა აქვთ საკმარისი რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად. განათლების მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი მასწავლებელი ქალია, ხოლო რეგიონებში, სადაც მათი ნაკლებობაა, ალტერნატივის მოფიქრებაა შესაძლებელი.

„ყველაფერი უნივერსიტეტების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთ რეგიონში მასწავლებელი მამაკაცები გამოვიყენოთ, რომლებიც ფარდის საშუალებით იქნებიან გამოყოფილი სტუდენტი გოგონებისგან“, – განაცხადა ჰაკანმა.

გოგონები და ბიჭები დაწყებით და საშუალო სკოლებშიც გაცალკევებული იქნებიან,  თუმცა ეს ავღანეთში უკვე გავრცელებული პრაქტიკაა.

ქალებისათვის ამავდროულად სავალდებულო ხდება ჰიჯაბის ტარება, თუმცა უცნობია, გახდება თუ არა საჭირო დამატებითი სახის შეზღუდვები.

ახალდანიშნულმა მინისტრმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტის საგნებზე და აღნიშნა, რომ ისინი სასწავლო მოდულების გადახედვას აპირებენ. „ჩვენ გვსურს, შევქმნათ გონივრული და ისლამური სასწავლო გეგმა, რომელიც ჩვენს ისლამურ, ეროვნულ და ისტორიულ ღირებულებებს შეესაბამება. ამასთან ის კონკურენციას გაუწევს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს“.

ბოლო 17 წლის განმავლობაში ავღანეთში დაწყებით სკოლებში გოგონათა რიცხვი ნულიდან თითქმის 2.5 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, გაეროს განათლების ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, წიგნიერების მაჩვენებელი ბოლო ათწლეულში გაორმაგდა და 30%-ს მიაღწია.

თალიბანის რეჟიმის დამყარების შემდეგ ბევრი პროფესიონალი ქალი ავღანეთიდან ემიგრაციაში წავიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *