ამბავი თბილისელ მეფურნეთა შეთქმულებისა

ამბავი თბილისელ მეფურნეთა შეთქმულებისა

ძველ თბილისს არაერთი იშვიათი ისტორია ახსოვს ისეთი, მთელი ქალაქი რომ აულაპარაკებია, თუმცა 1880 წლის 3 სექტემბერს მომხდარი ამბავი მრავალი თვალსაზრისითაა გამორჩეული. ამ დღეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან ბლომად ხალხს მოეყარა თავი, რადგან იქ „ურჩი“ თბილისელი მეფურნეები მიეყვანათ. ეს უკანასკნელნი პურის გამოცხობაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც „კინაღამ ერთი უბედურება არ დატრიალდა“, თუმცა, სანამ თბილისელ მეფურნეთა შეთქმულების ისტორიას გიამბობთ, მანამდე ტფილისში პურის ცხობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზეც ვთქვათ ორი სიტყვა.

როგორც თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი იხსენებდა, იყო დრო, როდესაც „ეზოში ვერ შეხვიდოდით, რომ შიგ თორნე არ ყოფილიყო. ეს დიდ საჭიროებას წარმოადგენდა, რადგანაც მაშინ ბაზარში პური არსად იცხობოდა და თუნდაც პური ეცხოთ, მაინც მოქალაქისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა გარედან სახლში პურის შეტანა“.

ზოგადად პურეული, განსაკუთრებით კი ლავაში და შოთი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. XIX საუკუნის ბოლოს თბილისის ქუჩებში, ბაზრებსა და მოედნებზე უკვე ნახავდით მოვაჭრეებს, თაბახზე დაწყობილ ლავაშებს რომ დაატარებდნენ გასაყიდად.  პურის ყიდვა შეიძლებოდა როგორც ქუჩაში – ხელზე გამყიდველისაგან, ისე საცხობებსა და ცენტრალურ გამზირებზეც კი. ამავდროულად, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოწმდებოდა პროდუქციის ხარისხიც. მაგალითად, 1887 წელს, „გოლოვინის პროსპექტზე“ შემდეგი ამბავი მომხდარა:

„პატარა რაჭველი ბიჭები თონის პურსა ჰყიდდნენ. გამოიარა ბაზრის ზედამხედველის ხელქვეითმა. მივიდა ბიჭებთან, გაუტეხა ჯერ ერთი პური და გასინჯა, ახლა მეორე, ახლა მესამე და ამ გვარად ხუთი-ექვსი პური დაუმტვრია. უყვირა ბიჭებს – ცუდი პური გამოგიტანიათო. მერე ის დამტვრეული პურები თავისის მოწყალე ხელით იქვე დაურიგა მუშებსა, რომელნიც სიამოვნებით შეუდგნენ ჭამასა. ძალიან მოსაწონი ჩვეულებაა, რომ პურებს უსინჯავენ გამსყიდველთ, რომ გამოუსადეგი საჭმელი არ გამოიტანონ ბაზარში გასასყიდად და ტფილელთ არ მისცენ ზარალი, მაგრამ საკვირველია, თუკი ზედამხედველის ხელქვეითმა სცნო უვარგისად და შეეშინდა მსყიდველი არ წაახდინოს ამ პურმაო, მაშ თვითონ რაღად დაურიგა ხალხს სწორედ იგივე დაწუნებული პური?!“

„მეიდანი. პურის საცხობი“ / ეროვნული ფოტომატიანე

სხვა ხელობების წარმომადგენელთა მსგავსად, ხაბაზებსაც ჰყავდათ თავიანთი ამქარი. მათი მთავარი ასპარეზი კი პურის მოედანი უნდა ყოფილიყო – „ჯვარის მამის ეკლესიის ქვემოდ ქუჩა ჩადის, ამ ქუჩის ზემო თავში ჯვარის-მამის ლავაშებს აცხობენ“.

იოსებ გრიშაშვილის ცნობით, ჯვარის მამის ეკლესიის უბანში ძველად მთელი წყება ქართველი მეპურეები ბინადრობდნენ. ადგილზე სულ რვა თონე იყო განლაგებული, სადაც საკუთრივ პურს, ლავაშსა და შოთს აცხობდნენ.

„ერთნი აცხობდნენ განსაკუთრებული ზომის პურს, რომელსაც ხალხმა უწოდა – „ჯვარისმამის პური“. ეს პური იყო თეთრი ბამბასავით, ფაფუკი. სეფისკვერის გემო ჰქონდა. ოდესის უთეთრესი ფქვილით ცხვებოდა. იხმარებოდა ქორწილში ან სამგლოვიარო სერობის დროს“.

საგულისხმოა, რომ კუბოებსაც იქვე ამზადებდნენ, სადაც „ჯვარისმამის ლავაშები“ ცხვებოდა. ამასთანავე, რიტუალური ხასიათისა უნდა ყოფილიყო პატარძლის სახლში პურისა და ღვინის გაგზავნის წესი. თავის მხრივ, პურის ცხობისთვის საჭირო ატრიბუტიკას საპატარძლოს სახლიდან ატანდნენ, მზითევში – „სახელითა მამისათა და სულისა წმინდისათა, ამინ! ვაძლევ ჩემს ნანინანატრ ქალს ყველაფერს, რაც სულს იქით მაბადია: …ერთი პურის კიდობანი; ორი შამფური თორნიდან პურის ამოსაყრელად [კავიანი და საფხეკი]“ და ა.შ.

სახელგანთქმულ „ჯვარისმამის ლავაშთან“ იყო დაკავშირებული ქალაქური მუქარაც, რომელიც მკითხველს შესაძლოა მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან [„რაც გინახავს ვეღარ ნახავ“] ახსოვდეს. საუბარია ეპიზოდზე, როდესაც ყარაჩოღელი გიჟუა თავადს ემუქრება – „გინდა ხელად  გაგაბრტყელო, როგორც ჯვარისმამის ლავაში?!“ სხვათა შორის, პურის ცხობასთან დაკავშირებული ატრიბუტი კიდევ ერთ ქალაქურ მუქარაში გამოიყენებოდა. რაფათა თონეზე პურის მისაკრავ ბალიშს ნიშნავდა, თუმცა მოგვიანებით ამ სიტყვას ტფილისში პირისახის მნიშვნელობითაც იყენებდნენ – „დაჩუმდი, თორემ მოვიდა რაფათაში!“

„ხაბაზი“/ ეროვნული ფოტომატიანე

მეტიც, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, „ჯვარისმამის ლავაში“ კომპლიმენტადაც კი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. მაგალითად, ჟურნალისტისა და მწერლის არტემ ახნაზაროვის კინტოს აღსარებაში – „რად მიყვარხარ?“ გვხვდება ასეთი პასაჟი:

„რად მიყვარხარ?.. აბა ერთი სარკეში ჩაიხედე: დაინახე ეგ გიშრის ტბა თვალები, ლოყის თავზედ დაფენილი წამწამი, ჯვარის მამის შოთებსავით წარბები, ეგ სტამბოლის მარმარილო – გულ-მკერდი, დაინახე და უცეცხლოდ დაიწვი…“.

აღარაფერს ვამბობთ პურის საკრალურ მნიშვნელობაზე, მათ შორის, სტუმარმასპინძლური  თვალსაზრისით. ძველ თბილისში, „სუფრაზე რომ დასხდებიან, მასპინძელი სტუმარს შოთი პურს მისცემს და ეტყვის – შეიტეხე. ნახევარი პური მასპინძელს დარჩება, ნახევარი სტუმარს. არის ასეთი გამოთქმა: როგორ გიღალატებ, შენს ოჯახში პური გამიტეხიაო“.

ცხელ-ცხელი პურის გარდა, თბილისელები განსაკუთრებულად აფასებდნენ „ქართოს“ –გამხმარ, დაობებულ პურს, რომელსაც აბანოში წაიღებდნენ, გოგირდის წყალში ალბობდნენ და ისე შეექცეოდნენ; „ღარიბ ოჯახებში დედა შვილს აძლევდა ამ პურს და ეუბნებოდა – აჰა, შვილო, წყალში დაალბე, შეჭამე და ფულს იპოვიო“.

„თბილისი. ხაბაზები და პურით მოვაჭრეები“ / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ ვკითხულობთ, „აბანოში მოქეიფეებს, ამ აზიურ გასტრონომებს, განსაკუთრებული პირის გემო ჰქონდათ –  გამხმარი ქართო პური და შხლოის ყველი, გოგირდის წყალგადავლებული, ისეთი სპეციფიური გემოს საჭმელი იყო, რომლის არომატსაც ძველი ყარაჩოღელი დღესაც სიამოვნებით იგონებს“.

ახლა კი დროა, დავუბრუნდეთ შეთქმული თბილისელი მეფურნეების ამბავს, რომელთაც 1880 წლის 3 სექტემბერს პურის გამოცხობაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ ქალაქის გამგეობა არ დათანხმდა მათ მოთხოვნას – „პურის ფასის მომატებას გირვანქაზე კაპეიკისას“.

საქმე ის გახლავთ, რომ დამტკიცებული ნიხრის მიხედვით, რომელიც 1-დან 16 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებდა და შეეხებოდა „საკვებავ ხორაგეულებათა, რომელნიც იყიდებიან თფილისის ბაზრებში, დუქნებში და დატარებით“, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის გამომცხვარი პურის ფასად დადგენილი იყო:

პირველი ხარისხის – 1 გირვანქა – 5 კაპიკი;
მეორის ხარისხის – 1 გირვანქა – 4 კაპიკი;

იმავე ფქვილიდამ თორნეში გამომცხვარი:

პირველი ხარისხის – 1 გირვანქა – 6 კაპიკი;
მეორის ხარისხის – 1 გირვანქა – 4 ½ კაპიკი;

ჯვარის მამის პური:

პირველის ხარისხის ლავაში – 1 გირვანქა – 8 კაპიკი;
მეორის ხარისხის – 1 გირვანქა – 5 ½ კაპიკი;
მესამის ხარისხის – 1 გირვანქა – 5 კაპიკი.

სწორედ ამ ნიხრის 1 კაპიკით გაზრდას უშედეგოდ მოითხოვდნენ მეფურნეები, რომლებსაც ორი დღის შემდეგ „ძალა-უნებურად გააღებინეს ფურნეები და აყიდვინებენ პურს. რამდენიმე მეფურნე დაჭერილნი არიან და ამის გამო დღეს პურს ამათი შაგირდები აცხობენ და ჰყიდიან. მაგრამ პირველი ხარისხის პური არც დღეს არის თითქმის არც ერთ ფურნეში გასასყიდი, მხოლოდ მეორე ხარისხის პურს ჰყიდიან.

„ლავაშის გამყიდველი დახლთან მეიდანში“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

გუშინ, ვერას გარდა, მთელს ქალაქში მთელი დღე ფურნის პური არ იშოვებოდა. ყველა ფურნები დაკეტილი იყო; მხოლოთ რამდენსამე ალაგას პოლიციამ ჩაამტვრია ფურნის კარები, გამოატანინეს პურები და გააყიდვინეს. ხალხი თორნის პურითა და ბულკით გამოდიოდა იოლად. ვერის მეფურნეებმა მხოლოდ შუა დღეზე დაკეტეს თავიანთი ფურნეები, მაგრამ დღეს იმათაც გააღებინეს“.

„მეფურნეების საქმე“ 6 სექტემბერს დასრულდა, დატუსაღებული ხაბაზები გამოუშვეს და პურიც ყველგან დადგენილი ნიხრით იყიდებოდა. თუმცა, ქალაქისთვის ეს არ ყოფილა ერთი ჩვეულებრივი რამ ამბავი. იმასაც კი ამბობდნენ, შოთის პურის მცხობელი რაჭველები და „მებულკეები“ რომ არა, დამშეული ხალხი, უეჭველია, ერთს რასმე უწესოებას მოახდენდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ფურნეებს დაამტვრევდნენ, მეფურნეებს სცემდნენ ან სხვა რამ ამისთანა უწესობას ჩაიდენდნენო:

„მაგრამ ერთის მხრით რაჭველ მეპურეებისა და მებულკეების წყალობით, მეორეს მხრით პოლიციისა და ქალაქის გამგეობის ენერგიულ მოქმედების წყალობით, რადგან იმ საღამოსვე ძალა-უნებურად გააღებინეს ფურნეები, ეს უწესოება ავიცდინეთ თავიდამ და დღეს უდავი-დარაბოთ ვყიდულობთ და ვჭამთ პურს“.

[ხსენებულ რაჭველ მცხობელთა რიგებს მიეკუთვნებოდა თბილისში ცნობილი მოკრივე, გოლიათური აღნაგობის, განსაკუთრებული ძალის პატრონი კაცი – ფარსადან სხირტლაძე, რომელიც ქალაქში პურის ცხობით ირჩენდა თავს. ამ ფარსადან სხირტლაძემ თბილისელების თვალწინ არაერთხელ ისახელა თავი საკუთარი გამბედაობითა და მამაცობით, მათ შორის 1891 წელს, წინასაშობაოდ, როდესაც ხალხით გაჭედილ ბაზარში, გაგიჟებულ ხარს შიშველი ხელებით მოუგრიხა კისერი და წააქცია. ამ ამბებიდან სულ მოკლე ხანში კი იგივე ფარსადან სხირტლაძე იარმუკაზე ორი ვაჭრის ჩხუბში ჩაერია და გაცეცხლებულ ვაჭარს ხმალი წაართვა, რითიც მისი მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა.]

თბილისელ მეფურნეთა შეთქმულების თემას იმდროინდელ პრესაში მოწინავე სტატიებიც მიეძღვნა, რომლებშიც ქალაქელ მეფურნეებს ჰკიცხავდნენ – „ფეხებზე ჰკიდიათ იმათ, თუ მთელი ქალაქი დაიმშევა – „ზარალი გვაქვსო! გაიძახიან“. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ქალაქის გამგეობის მიერ დადგენილი ნიხრით უკმაყოფილო მეფურნეების მხრიდან საცხობების დაკეტვა არახალი მოვლენა იყო, თუმცა „დღემდინ ყველა მეფურნეებს რომ ერთბაშათ დაეკეტნოსთ ფურნეები და ერთბაშათ მოესპოთ ხალხისთვის პური – არასოდეს არ ყოფილა!“

მიუხედავად ამისა, ქალაქში მოიძებნებოდნენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებდა, რომ მეფურნეები არ ტყუოდნენ, რადგან მწირი დღიური მოგება მოჯამაგირეებისა და სხვა ხარჯების გასასტუმრებლად არ ყოფნითო, თუმცა ბუნებრივია, რომ იმ ადამიანთა რიცხვი უფრო დიდი იყო, ვინც მეფურნეების სიხარბეზე მიუთითებდა.

ქალაქის გამგეობისა და მეფურნეთა კონფლიქტის გამო, ყველაზე მეტად, უბრალო ხალხი ზარალდებოდა, ვისაც შესაძლოა მომავალშიც მოსპობოდა „ეს უსაჭიროესი საზრდო“.

„ამისთანა უბრალო საქმეში ამდენი აყალ-მაყალი რად უნდა ხდებოდეს? რატომ ისე ვერ უნდა მოახერხოს ქალაქის გამგეობამ მეფურნეებთან საქმის გაწყობა, რომ ისინი საკმაო სარგებლობას ხედავდნენ თავის ხელობაში?!. რასაკვირველია, პურის ვაჭრობაშიაც მოინახება ისეთი ხალხნი, რომელნიც ცოტა მომატებას არ დასჯერდებიან, ბევრს მოინდომებენ. ქალაქის გამგეობას ყოველთვის შეუძლიან ამისთანა ხალხს ხელი ააღებინოს ვაჭრობაზე… არასოდეს არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით ჩვენ ძალ-დატანების მომხრენი, მაგრამ თუ იმისთანა შემთხვევა მოხდება, როგორც ამ 3 ენკენისთვეს მოხდა, თუ არავითარი პირობა, სიტყვა და კანონი არ გავა მეფურნეებთან, თუ რამდენიმე კაცი, ჯიბრისა და სიხარბის, ანგარების გამო, მთელი ხალხის დამშევას მოინდომებს, მაშინ ძალ-დატანებას ღმერთიც და კაციც აპატიებს მთავრობასა და ქალაქის გამგეობას“, – წერდა გაზეთი „დროება“.

მოგვიანებით, „მეფურნეთა შეთქმის“ შესახებ მსჯელობა ქალაქის რჩევის სხდომაზეც გამართულა. ქალაქის ხელმძღვანელობას გადაუწყვეტია, რომ ცალკე კომისიისთვის მიენდო როგორც პურის გაძვირების მიზეზების გარკვევა, ასევე იმ გეგმების განხილვა, რომლებიც ითვალისწინებდა რამდენიმე ადგილას „ქალაქის ფურნეების გამართვას“, რათა მომავალში თავიდან აეცილებინათ მოსახლეობის უპუროდ დატოვების ყოველგვარი რისკი.

„ლავაშის გამყიდველი მამაკაცი“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

თუმცა, წლები გადიოდა, ქალაქში კი ამ კუთხით ძირეულად არაფერი იცვლებოდა. მეტიც, ერთ პრობლემას მეორე ემატებოდა და საქმეს ვერც სპეციალური განკარგულებები თუ ბრძანებები შველოდა.

ქალაქელები ჩიოდნენ, რომ თბილისის ღარიბ მცხოვრებლებს, რომლებიც პურს უმეტესად შინ ზელდნენ და ფურნეებში მიჰქონდათ გამოსაცხობად, ერთი მხრივ დიდ ფასს ართმევდნენ, მეორე მხრივ კი ისე საძაგლად უცხობდნენ პურს, რომ არც კი იჭმეოდა; ასევე, ჩიოდნენ – „თამამშოვის ქარვასლის წინ პური ვიყიდეო და როცა გავტეხე, ყუასთან, ჩემ საყვარელ ალაგთან, უკაცრავად პასუხია, თაგვის განავალი დამხვდაო – ორი დღის განმავლობაში ისეთი მუცლის გვრემა მქონდა, რომ კინაღამ მომკლაო“; და, რა თქმა უნდა, ჩიოდნენ უსუფთაობაზე, რაც ფურნეებში სუფევდა.

ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, ტფილისის გუბერნატორის 1891 წლის განკარგულებით, მეფურნეებისა და ხაბაზების შესახებ სავალდებულო წესების მეექვსე მუხლი ამგვარად უნდა შეცვლილიყო:

„აღკრძალულია ჯდომა ანუ წოლა ისეთს ალაგას, საცა პური ინახება; თვით დაზგები და ჭურჭელი, სადაც ცომი აწყვია, ან იზილება, აგრეთვე ჭურჭელი პურის წყლისა ჯეროვანის სისუფთავით უნდა იყოს შენახულიო“.

ამას გარდა, აღნიშნულ წესებს ორი მუხლიც დამატებია:

„მუხლი 7: აღეკრძალებათ მეფურნე-ხაბაზებს, ანუ მათ მოჯამაგირეებს ცხოვრება იქ, სადაც ცომი იზილება, ფქვილი იცრება და პური ისყიდება.

მუხლი 8: საცა მეფურნე-ხაბაზები ანუ მათი მოჯამაგირენი სცხოვრობენ, აღკრძალულია, რომ იქ იცხოვრონ იმათაც, რომელთაც რაიმე მოარული ავადმყოფობა სჭირთ“.

თუმცა, ძაღლი ყეფდა, ქარავანი კი მიდიოდა… ამ განკარგულებიდან ერთი წლის შემდეგ გაზეთი „ივერია“ წერდა:

„ბევრს ვლაპარაკობთ და ვღაღადებთ სისუფთავეს, მაგრამ თითქოს ეს ღაღადისი უდაბნოსა შინა გაისმოდეს და არა გონიერ ადამიანთა მიერ დასახლებულს ქვეყანაშიო, ყურს არავინ იბერტყავს. წარმოიდგინეთ, მეპურეები ღამე იმ დაზგაზედ იძინებენ, რომელზედაც მეორე დილით პურს აწყობენ, ჰფენენ და ჰყიდიან. ამას ყველა ადვილად დარწმუნდება, საჭიროა მხოლოდ ღამე როდისმე გაიაროს მეპურეებისაკენ და შეიხედოს. ასეთი ამბავი სწარმოებს მიხეილის ქუჩაზედაც-კი, სადაც ხალხი გათენებამდე მიდის-მოდის და მოძრაობაშია. ნუ თუ დრო არ არის, ამ საძაგლობას ბოლოს მოეღოს და მეპურეების უჯიშო საქციელი აილაგმოს?!“

„მეპურეთა უჯიშო საქციელის ალაგმვის“ შესახებ კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკული იყო…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *