ამერიკელები „ვალენტინობის“ საჩუქრებზე $26 მილიარდს დახარჯავენ - კვლევა

ამერიკელები „ვალენტინობის“ საჩუქრებზე $26 მილიარდს დახარჯავენ - კვლევა

წმინდა ვალენტინის დღე, თუ გნებავთ, “ვალენტინობა”, მსოფლიოში სხვადასხვაგვარად ესმით, მაგრამ ყველასთვის საერთოა ერთი რამ: საჩუქრები. ამ დღეს წყვილები ერთმანეთს წითელ ვარდებსა თუ გულის ფორმის თაიგულებს (ან უფრო ძვირად ღირებულ საჩუქრებს) აჩუქებენ, რაც მას გამყიდველებისთვის ხელსაყრელად აქცევს.

ვალენტინის დღეს მხოლოდ ამერიკელები $25.8 მილიარდს დახარჯავენ. National Retail Federation-ისა (NRF) და Prosper Insights & Analytics-ის კვლევის თანახმად, დღესასწაულს მომხმარებელთა 53% აღნიშნავს, ყველაზე მეტად ჩართული კი 25-34 წლის ასაკის ადამიანების ჯგუფია.

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები, ტკბილეული და მისალოცი ბარათები კვლავ სიის სათავეშია, უნდა ითქვას ისიც, რომ ახალგაზრდა თაობები ტრადიციულ საჩუქრებს უპირატესობას აღარ ანიჭებენ.

NRF-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ შაი ამბობს, რომ “საცალო მოვაჭრეები ხარჯვის ზრდას საჩუქრების კონკრეტულ კატეგორიებზე ელიან”. მოსალოდნელია, რომ წელს რეკორდულად გაიზრდება სამკაულების ($6.4 მლრდ), ტანსაცმლის ($3 მილიარდი) შესყიდვები და რომანტიკული ვახშმის ხარჯები ($4.9 მლრდ).

აღსანიშნავია, რომ ამ დღესასწაულს სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ მეგობრებთან ერთად. როგორც Ypulse-ის კვლევა აჩვენებს, Gen Z-ის 28%-ს (ხოლო მილენიალების 15%-ს) ამ დღის ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გატარება სურს.

ტენდენციის ცვლილებასთან მოვაჭრეებიც ადაპტირდებიან. კომპანიების სტრატეგია ახალგაზრდა მომხმარებლების ინტერესების ანალიზის მიხედვით იცვლება და სპეციალურ, ახლებურ შეთავაზებებსაც მოიცავს. ცხადია, მათი მიზანი მომხმარებელთა ბაზის მაქსიმალურად გაზრდაა.