ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს $434 მლრდ-ით გამდიდრდნენ

ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს $434 მლრდ-ით გამდიდრდნენ

ამერიკელი მილიარდერები პანდემიის პერიოდში – მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე – $434 მილიარდით გამდიდრდნენ. ამის შესახებ CNBC ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც Forbes-ის მონაცემებს იყენებს. 

ამერიკელ მილიარდერებს შორის ყველაზე მეტი მოგება Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა მიიღეს. კერძოდ, ბეზოსი $34.6 მილიარდით გამდიდრდა, ცუკერბერგი კი $25 მილიარდით. ყველაზე მეტად გამდიდრებული ამერიკელი მილიარდერების ხუთეულს შორის არიან ასევე უორენ ბაფეტი, ლარი ელისონი და ბილ გეითსიც.

ამ ციფრებით ნათლად ჩანს, თუ რა რაოდენობის მოგება მოუტანა ტექნოლოგიურ კომპანიებს კორონავირუსის პანდემიამ, მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკელი მილიარდერების ქონება ჯამში 15%-ით გაიზარდა ორი თვის განმავლობაში, რაც რიცხვებში $2.948 ტრილიონიდან $3.382 ტრილიონამდე ზრდას გულისხმობს.

ელონ მასკის ქონება ამერიკელ მილიარდერებს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი მაჩვენებლით გაიზარდა, კერძოდ 48%-ით. ცუკერბერგის 46%-ით, ბეზოსის 31%-ით, ხოლო ბეზოსის ყოფილი ცოლის მაკენზის ქონება მესამედით და $48 მილიარდი შეადგინა.

პანდემიის ორი თვის განმავლობაში მოგებულების გარდა, იყვნენ წაგებული მილიარდერებიც, რომლებსაც ბიზნესები მოგზაურობის, სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სექტორში აქვთ. მაგალითად რალფ ლორენის ქონება $100 მილიონით შემცირდა და $5.6 მილიარდი შეადგინა, ჰოტელიერი ჯონ პრიტზკერის ქონება კი $34 მილიონით შემცირდა და $2.56 მილიარდი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *