ამერიკის 10 უმდიდრესი ადამიანი ჯამში $14 მილიარდით "გაღარიბდა"

ამერიკის 10 უმდიდრესი ადამიანი ჯამში $14 მილიარდით "გაღარიბდა"

ამერიკის 10 უმდიდრესი ადამიანი ჯამში $14 მილიარდით გაღარიბდა. ამის მიზეზი ბოლო ორი თვის მანძილზე საფონდო ბირჟებზე ყველაზე ცუდი ვაჭრობის დღე გახდა. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გლობალურად, სეროზული გავლენა იქონია ბაზრების განწყობებზე, ამას ემატება ისიც, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი კვირა რჩება. გარდა ამისა, ვაშინგტონში ვერ თანხმდებიან მორიგ ფისკალურ პაკეტზე. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ პროგრესის ნიშნები იქნება ამ კუთხით არჩევნებამდე, თუმცა, საკითხზე მოლაპარაკებები, შეიძლება ითქვას, ჩიხშია შესული.

ამ ყველაფრის ფონზე, Dow Jones-ის ინდექსები 2.3%-ით შემცირდა, S&P 500-ის 1.9%-ით, ხოლო Nasdaq Composite 1.6%-ით. ეს Dow Jones-ის ყველაზე ცუდი დღე იყო 3 სექტემბრის შემდეგ.

შედეგად, ამერიკის ათმა უმდიდრესმა ადამიანმა, მათ შორის ჯეფ ბეზოსმა, ბილ გეითსმა, ელონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა, ერთად $14.7 მილიარდი დაკარგეს.

ყველაზე დიდი დანაკარგი Facebook-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს მარკ ცუკერბერგს აქვს, რომლის ქონებაც 2.7%-ით შემცირდა, რაც $2.8 მილიარდიან კლებას ნიშნავს, მისი ქონება ახლა $101.8 მილიარდია. ის Facebook-ში აქციების 15%-ს ფლობს.

ბილ გეითსმა კი, რომელმაც Microsoft-ი 1975 წელს დააარსა, $1.7 მილიარდიანი კლება განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მისი ქონება $115.2 მილიარდია. აღსანიშნავია, რომ ის კომპანიაში აქციების მხოლოდ 1%-ს ფლობს. თუმცა, მას აქვს ასევე სხვა კომპანიებში ინვესტიციები განხორციელებული, როგორიცაა მაგალითად, კანადის ეროვნული რკინიგზა, John Deere და Republic Services. ამ კომპანიების აქციებიც 2%-ით შემცირდა.

Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა სტივ ბალმერმა კი $1.7 მილიარდი დაკარგა ორშაბათის ვაჭრობის შედეგად. ახლა მისი ქონება $71.8 მილიარდს შეადგენს. მას კომპანიაში აქციების 3.5% აქვს.

Tesla-ს აღმასრულებელმა ელონ მასკმა $66 მილიონი დაკარგა, შედეგად მისი ქონება ახლა $93 მილიარდია.

ლეგენდარული ინვესტორის უორენ ბაფეტის ქონება კი $1.5 მილიარდით შემცირდა. ახლა ბაფეტი $78.9 მილიარდის მფლობელია. მისი კონგლომერატი Berkshire Hathaway 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სადაზღვევო კომპანია Geico-ს, ელემენტების მწარმოებელ Duracell-ს და რესტორნების ქსელ Dairy Queen-ს.

Oracle-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ლარი ელისონმა ასევე მილიარდობით დოლარი იზარალა. ელისონი Oracle-ში 35%-ს ფლობს. კომპანიის აქციები 4%-ით შემცირდა, შედეგად ლარი ელისონის ქონება $2.6 მილიარდით შემცირდა $76.1 მილიარდამდე.

Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა კი $2 მილიარდი და $1.9 მილიარდი დაკარგეს, ვინაიდან Google-ის აქციები 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება Walmart-ის ხელმძღვანელს, ალის უოლტონს, მისი ქონება $635 მილიონით შემცირდა და $66.7 მილიარდი შეადგინა. ცნობისთვის, Walmart-ის აქციები ორშაბათის ვაჭრობის შედეგად 1.2%-ით დაეცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.