ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკა განიხილავს პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტს, თუ ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. საერთაშორისო სივრცეში გაზრდილია მოთხოვნა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევას უპასუხოს.
გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ჩინეთში მასობრივად აპატიმრებენ იუღურ მუსლიმებს. ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს გაუჩინარდა ოთხი ჟურნალისტი, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ვუჰანიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას.
სწორედ ამ დარღვევების გამო ითხოვენ დასავლელი ლიდერები ბოიკოტს.
აშშ-ს აქვს ბოიკოტის გამოცდილება – ქვეყანამ 1980 წელს უარი თქვა მოსკოვში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რისი მიზეზიც საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრა იყო.
გასათვალისწინებელია, რომ ბოიკოტი თავის თავში არ გულისხმობს, რომ ქვეყანა სპორტსმენებს არ გაგზავნის. .
პროტესტი დიპლომატიური ბოიკოტითაც შეიძლება გამოიხატოს – ამერიკელი ოფიციალური პირები გახსნის ცერემონიალს არ დაესწრონ.
ერთი თვის წინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა ოთხ ჩინელ მაღალჩინოსანს პერსონალური სანქცია დაუწესეს. საპასუხოდ ჩინეთმაც ევროკავშირის ხუთ დეპუტატსა და მათი ოჯახის წევრებს შეუზღუდა ჩინეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და ბიზნესის დაწყების უფლება.
პეკინში ოლიმპიადის ჩატარება 2022 წლის თებერვალშია დაგეგმილი. კონგრესმენი სტივ სკალისი ტვიტერზე წერს: ,,შეხსენება: 2022 წლის ოლიმპიადა ტარდება ჩინეთში – კომუნისტურ სახელმწიფოში, რომელიც ცნობილია ამომრჩეველთა შევიწროებითა და ადამიანის უფლებათა დარღვევით“.