ამერიკის უმდიდრესი ოჯახები

ამერიკის უმდიდრესი ოჯახები

უოლტონები. კენედები. როკფელერები – თქვენ ეს გვარები უკვე იცით. ამჟამად FORBES-მა ამერიკის უმდიდრესი ოჯახების პირველი სრული სია შეადგინა: 185 ოჯახიდან თითოეულს, სულ მცირე, $1 მილიარდის ქონება აქვს. საერთო ჯამში, ეს თანხა $1,2 ტრილიონს შეადგენს. ბევრი მათგანი თავისი სიმდიდრის გაზრდისთვის შრომობს. სხვები უბრალოდ მიძინებული მემკვიდრეები არიან, რამდენიმე თაობა კი მათი ოჯახების აყვავებას მოწყვეტილია. თითქმის ყველა მათგანი დაკავშირებულია ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებთან, მაგალითად Jack Daniels-თან, L.L. Bean-თან, Getty Oil-თან, Hallmark-სა და Budweiser-თან.

გთავაზობთ პირველ ათეულს:

1. უოლტონი

$152 მილიარდი 6 წევრი

უოლტონების იმპერია, Wal-Mart-ი, ცუდ დღეშია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომლები დაბალი ხელფასების წინააღმდეგ გაფიცვებს აწყობენ და რობ უოლტონის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისთვის მოძრაობას ხელმძღვანელობენ. მაგრამ ოჯახის მკაცრი კონტროლი საცალო ვაჭრობაზე და აქციათა 51%-ის ფლობა მათ ეფექტური ვეტოს გამოყენების უფლებას აძლევს. $476 მილიარდის შემოსავლით ის კვლავ მსოფლიოს უმსხვილეს საცალო მოვაჭრედ რჩება და ძალიან განსხვავდება იმ კომპანიისგან, რომელიც 1962 წელს, შტატ არკანზასის პატარა ქალაქში სემ უოლტონისა და მისი ძმის ჯეიმსის მიერ იყო დაარსებული.

2. კოხი

$89 მილიარდი 4 წევრი

მტკივნეული განხეთქილება იმის მიზეზი გახდა, რომ 1983 წელს უილიამმა და ფრედერიკმა საოჯახო ბიზნესის წილი გაყიდეს, როგორც ცნობილია – $700 მილიონად. ჩარლზმა და დევიდმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ მათი კონგლომერატი, Koch Industries-ი, ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილეს კერძო კომპანიამდე გაეფართოებინათ. უილიამი და ფრედერიკი თავს მოტყუებულად გრძნობდნენ და თითქმის ათი წელი სასამართლო პროცესებით იყვნენ დაკავებულნი, რათა უფრო მეტი მიეღოთ. მაგრამ დღეს აქვთ უფრო ნაკლები, ვიდრე მათ გავლენიან ძმებს. კომპანიის ფესვები მათი მამის მიერ დასავლურ შტატებში შექმნილ ნავთობის გადამამუშავებელ ბიზნესს უკავშირდება.

3. მარსი

$60 მილიარდი 3 წევრი

მსოფლიოს უმსხვილესი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის, Mars-ის მემკვიდრეები მისი დამფუძნებლის შთამომავლები არიან და Wonka-ს რეცეპტი მათი საიდუმლოა. სამი და-ძმის მფლობელობაში არსებული კომპანია, 1911 წელს, მათი ბაბუის მიერ იყო დაფუძნებული; მათმა მამამ, ფორესტ უფროსმა, M&M’s-ის წარმოება დაიწყო (ყოველდღიურად აშშ-ში 400 მილიონის შემოსავალი მოაქვს). შემდეგ მათ დაფასოებული პროდუქციის (ბრინჯი Uncle Ben’s-ი) და შინაური ცხოველების საკვების (Whiskas-ი) წარმოება დაიწყეს.

4. კარგილ/მაკმილანი

$43 მილიარდი 9 წევრი (დაახლოებით)

სოფლის მეურნეობის გიგანტ Cargill-ში აქციების 88%-ს ფლობენ. ამერიკის უმსხვილეს დახურულ სააქციო კომპანიას $137 მილიარდის შემოსავალი აქვს. ის ამუშავებს მარცვლეულს, ყიდის საკვების ინგრედიენტებს და ვაჭრობს პროდუქტებით. შოტლანდიელი კაპიტნის ვაჟიშვილმა, უ.უ. კარგილმა, თავისი ბიზნესი 1985 წელს დაიწყო. თავდაპირველად მას მარცვლეულის შემნახველი მცირე კომპანია ჰქონდა.

5. ჯონსონი (FIDELITY)

$39 მილიარდი 4 წევრი

დაარსდა ედუარდ ს. ჯონსონ II-ის მიერ, 1946 წელს. მისი ვაჟიშვილი ნედ ჯონსონი და მისი შვილიშვილები, მათ შორის მისივე პირდაპირი მემკვიდრე, ებიგეილი, ბოსტონური კომპანიის 49%-ს ფლობენ. ეს ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლობა გახლავთ, რომელიც ცნობილი Magellan Fund-თა და Contrafund-ით ოპერირებს.

6. ჰერსტი

$35 მილიარდი 64 წევრი

საგამომცემლო მაგნატი, უილიამ რენდოლფ ჰერსტი ორსონ უელსის „მოქალაქე კეინის“ პროტოტიპი გახდა. მისი შვილიშვილი, უილიამ რენდოლფ ჰერსტი III ფლობს მედიაიმპერია Hearst Corp.-ს, რომელიც მოიცავს 49 გაზეთსა და თითქმის 340 ჟურნალს მთელ მსოფლიოში და საკაბელო არხების: ESPN-ის, Lifetime-ის და A&E-ის აქციებს.

7. კოქსი

$32 მილიარდი 3 წევრი

ჯეიმს მ. კოქსმა თავისი პირველი გაზეთი 1898 წელს იყიდა. დღესდღეობით განვითარებული მედიაბიზნესი, რომელსაც მისი შთამომავლები მართავენ, გაზეთებს, საკაბელო ტელევიზიას, AutoTrader-სა და Kelley Blue Book-ს მოიცავს.

8. პრიცკერი

$29 მილიარდი 13 წევრი

ჩიკაგოს გავლენიანმა ოჯახმა 2000-იანი წლები აქტივების გამო დაპირისპირებაში გაატარა და ბოლოს და ბოლოს ქონება გაინაწილა. პენი არის აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი; ტომასი ხელმძღვანელობს სასტუმროების ქსელ Hyatt-ს. ე.ნ. პრიცკერმა (გარდაიცვალა 1986 წელს) და მისმა ვაჟიშვილებმა დააარსეს Hyatt-ი და ახორციელებდნენ ინვესტიციებს ისეთ ჰოლდინგებში, როგორიცაა, მაგალითად, სამეწარმეო კონგლომერატი Marmon-ი.

9. ჯონსონი (ს.კ. ჯონსონი)

$25,5 მილიარდი 11 წევრი

ს.კ. ჯონსონმა საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია Wisconsin-ი 1886 წელს დააარსა. შემდეგ კომპანიას მისი ვაჟიშვილი, ჰერბერტი 1928 წლამდე, გარდაცვალებამდე მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების წინ მას ანდერძი არ დაუტოვებია, რაც უძრავი ქონების გამო დაპირისპირების მიზეზი გახდა. ს.კ. ჯონსონის შვილთაშვილი გ. ფისკი აღმასრულებელი დირექტორია იმ კომპანიისა, რომელიც არის ცნობილი Pledge-ით, Windex-თა და Ziploc-ით. ფისკის ძმა კურტი ოთხი თვით იყო დაპატიმრებული არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრებითი მოქმედებების გამო.

10. დუნკანი

$25,4 მილიარდი 4 წევრი

ღარიბ ოჯახში დაბადებული და შემდეგ გამდიდრებული ტეხასელი მაგნატი, დენ დუნკანი 2010 წელს გარდაიცვალა და თავის ოთხ შვილს თითქმის $10 მილიარდის ქონება დაუტოვა. ის მათი კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი გიგანტური კომპანიის, Enterprise Products Partners-ის აქციების ზრდისა და დიდი დივიდენდების მიღების წყალობით გამდიდრდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *