ფოტო: Vano Shlamov/AFP/Getty Images
რვაწლიანი უწყვეტი კლების შემდეგ, 2025 წელს მსოფლიოში დემოკრატიის მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. Economist Intelligence Unit-ის (EIU) 2025 წლის ინდექსი 167 ქვეყანასა და ტერიტორიას აფასებს და დემოკრატიის გლობალურ მდგომარეობას ასახავს. წლევანდელ რეიტინგშიც ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები ლიდერობენ, თუმცა EIU-ის მონაცემებით, გლობალური მაჩვენებლის უმნიშვნელო ზრდის მიუხედავად, ცალკეულ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა.
2006 წლიდან EIU-ი 167 ქვეყანასა და ტერიტორიას 1-დან 10-მდე სკალით, ხუთი ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. შემდეგ კი ქვეყნები ოთხ ჯგუფში ნაწილდებიან: სრული დემოკრატიები, ნაკლოვანი დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები.
რეიტინგის სათავეში წელსაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები არიან წარმოდგენილნი. ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი და ისლანდია მსოფლიოს ათ ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის მოხვდნენ. მეორე ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, ხოლო საუკეთესო ათეულს კანადა და ლუქსემბურგი ავსებენ. ცნობისთვის, რეიტინგის პირველი ათეულის შეფასება 9-ქულიან ნიშნულს აღემატება.
რეიტინგის ბოლოშია ავღანეთი, რომლის შეფასებაც ათიდან მხოლოდ 0.25 ქულას შეადგენს. ავღანეთთან ერთად, ბოლო პოზიციებზე მიანმარი და ჩრდილოეთი კორეაც არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, 0.96 ქულითა და 1.08 ქულით.
საერთო ჯამში, EIU-ის მიერ შეფასებული ქვეყნების და ტერიტორიების მხოლოდ 15.6% მიეკუთვნება სრულ დემოკრატიას, მაშინ როდესაც 36.5% ავტორიტარულ რეჟიმადაა კლასიფიცირებული.
უახლეს რეიტინგში მსოფლიოში დემოკრატიის საშუალო მაჩვენებელი 5.17-დან 5.19-მდეა გაზრდილი. თუმცა Freedom House-ის მონაცემებით, 2025 წელსაც, ზედიზედ უკვე მე-20 წელია, რაც გლობალურად დემოკრატიის უკუსვლა ფიქსირდება, ეს კი სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ არსებულ საფრთხეებზე მიუთითებს.
დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მკვეთრი გაუარესება გვინეა-ბისაუში დაფიქსირდა, სადაც ინდექსი 0.66 ქულით შემცირდა. მას ნეპალი (-0.59) და პაკისტანი (-0.40) მოსდევენ. დაახლოებით 0.33 ქულით დაეცა და 7.0-ზე ქვემოთ ჩამოვიდა ინდოეთის მაჩვენებელიც. გვინეა-ბისაუში მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება 2025 წლის ნოემბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება, ნეპალში — პოლიტიკურ არასტაბილურობას, ხოლო პაკისტანში, სხვა პრობლემებთან ერთად, სამხედრო გავლენის შენარჩუნებას, რაც ინსტიტუციურ სისუსტეებს წარმოაჩენს.
EIU-ის მონაცემებით, დემოკრატიის ხარისხის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გაბონში დაფიქსირდა (+1.31 ქულა), მას ბოლივია მოსდევს (+1.12). კანადის მაჩვენებელი 0.39 ქულით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ქვეყანა გლობალურ ათეულში მოხვდა. საინტერესოა, რომ გაბონის მნიშვნელოვანი პროგრესის — რაც 2025 წლის აპრილში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება — მიუხედავადაც, ქვეყანა კვლავ ავტორიტარულ ქვეყნად კლასიფიცირდება.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანამ დემოკრატიის ხარისხით რეიტინგში ექვსი პოზიციით დაიხია უკან და 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. დემოკრატიის ინდექსი, შესაბამისად, 7.85-დან 7.65-მდე შემცირდა. Pew Research Center-ის მონაცემებით, ეს 2006 წელს ინდექსით შეფასების დაწყების შემდეგ შტატებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამ შედეგით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ კანადას, რომელიც 9.08 ქულითაა წარმოდგენილი. ამჟამად ეს ორი ქვეყანა დემოკრატიის სხვადასხვა კატეგორიაშია: კანადა სრულფასოვან დემოკრატიად მიიჩნევა, აშშ კი — ნაკლოვან დემოკრატიად.
აშშ-ში დემოკრატიის მაჩვენებლის უკუსვლა აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების ზრდას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლის შესუსტებასა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის საფრთხეებს უკავშირდება.
2025 წლის ანგარიშში EIU-ი რუსეთს 10-ქულიანი შეფასებით მხოლოდ 2.03 ქულას ანიჭებს და 148-ე ადგილით ავტორიტარული სახელმწიფოების კატეგორიაში ათავსებს — საუდის არაბეთსა და ბელარუსს შორის. ჰიბრიდულ დემოკრატიებს შორისაა უკრაინა, რომელსაც 4.79 ქულა აქვს მინიჭებული.
Economist Intelligence Unit-ის 2025 წლის ინდექსით, შეფასებულ 167 ქვეყანას შორის საქართველო, სიერა-ლეონესა და უგანდას შორის, 99-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი და 4.36 ქულა აქვს მინიჭებული. ეს შესამჩნევი გაუარესებაა გასულ წელთან შედარებით, როდესაც საქართველომ 4.7 ქულა დაიმსახურა და 94-ე პოზიციაზე იყო. ასევე მნიშვნელოვანი ვარდნაა შარშანწინდელი შეფასების შემდეგ, როდესაც საქართველომ 5.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ინდექსის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ჰქონდა — 6.0 ქულა. ანგარიშის შედგენის დღიდან (2006 წელი) საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების ჯგუფში რჩება.
EIU-ის ინდექსის მიხედვით, ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოების ათეული:
- ნორვეგია – 9.81 ქულა
- ახალი ზელანდია – 9.62 ქულა
- დანია – 9.42 ქულა
- ისლანდია – 9.38 ქულა
- ფინეთი – 9.37 ქულა
- შვედეთი – 9.35 ქულა
- ირლანდია – 9.33 ქულა
- შვეიცარია – 9.32 ქულა
- კანადა – 9.08 ქულა
- ლუქსემბურგი – 9.08 ქულა








