მსოფლიოში პირველი სრულად 3D პრინტერის დახმარებით დამზადებული მეტალის დეტალებით აგებული ხიდი ამსტერდამში გაიხსნა. ხიდი სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების სიმჭიდროვეს აკონტროლებს.
ხიდი წითელი ჩირაღდნების უბანში, ერთ-ერთ უძველეს არხზე აიგო და მის გახსნას დედოფალი მაქსიმაც დაესწრო. ხიდი ჰოლანდიელი დიზაინერის, იორის ლაარმანის დაპროექტებულია. მისი სიგრძე 12 მეტრია და კონცეპტი ფუტურისტულ მოტივებზეა დაფუძნებული.
ხიდის ამგები კომპანიის, MX3D-ის განცხადებით, ხიდის დიზაინი არქიტექტურაში 3D რობოტიკის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ასახავს. კომპანიის CTO-ს განცხადებით, ახალი ტექნოლოგია დიზაინერებსა და არქიტექტორებს ახალ შემოქმედებით იარაღსა და ინსტრუმენტს აწვდის.
ხიდში ჩამონტაჟებული სენსორები მეცნიერებს ტექნოლოგიის გამართულობის დადგენაში დაეხმარება. ლონდონის Imperial College-ის მკვლევრები ხიდის სტრუქტურულ ცვლილებებს რეალურ დროში დააკვირდებიან და ზეწოლის შემთხვევაში მისი ცვლილების შემთხვევებს შეისწავლიან.
გარდა ამისა, დაკვირვებით შეგროვებული ინფორმაცია დიზაინერებსა და არქიტექტორებს 3D ტექნოლოგიის გრძელვადიანი გამოყენების შესაძლებლობებსაც გააცნობს და ~ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ფოლადის სამომავლო გამოყენების პერსპექტივებსაც დასახავს.
ადგილობრივი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ხიდი სულ მალე ახალ ტურისტულ ცენტრად იქცევა და წითელი ჩირაღდნების უბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.