2021 წლის ოლიმპიადის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მონაწილეები

2021 წლის ოლიმპიადის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მონაწილეები

სულ მალე ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს და მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სპორტული ღონისძიებისაკენ იქნება მიპყრობილი. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ ასეულობით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს. ათასობით სპორტსმენი ყველაზე სანუკვარი ჯილდოსათვის ერთმანეთს შეეჯიბრება. ზოგი ათლეტისათვის ოლიმპიადაზე გასაფრენი ბილეთიც რთულად მოსაპოვებელია, რჩეულები კი წვრთნასა და აღჭურვილობაში ყოველთვიურად  ასიათასობით დოლარს ხარჯავენ.

Forbes-მა ოლიმპიადის დაწყებამდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

#1 – სიაში პირველ ადგილს NBA-ის ვარსკვლავი კევინ დურანტი იკავებს. „ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდი უკვე ორ ოლიმპიურ მედალს ფლობს. ამ კალათბურთელის საერთო შემოსავლები 75 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

#2 – მეორე ადგილი იაპონელმა ჩოგბურთელმა, ნაომი ოსაკამ, დაიკავა. ის ზედიზედ მეორე წელია, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალია. ოლიმპიადაზე ოსაკას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მშობლიურ კედლებში ასპარეზობის გამო, მისი შემოსავალი კი 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

#3 – Forbes-ის სიაში მესამე ადგილს კვლავ NBA-ის ვარსკვლავი, 31 წლის დემიენ ლილარდი იკავებს. „პორტლანდ ტრეილბლეიზერსის“ მცველი მარკეტინგული მიზნებით არაერთ დიდ კომპანიასთან თანამშრომლობს. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ მისი შემოსავლები ჯამში 40.5 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

#4 – მეოთხე ადგილი სერბმა ჩოგბურთელმა, ყველასათვის კარგად ცნობილმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაიკავა. ჩოგბურთელ მამაკაცებს შორის სერბი სპორტსმენი ერთადერთი წარმომადგენელია აღნიშნულ სიაში. მისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.  ნოვაკ ჯოკოვიჩის შემოსავლები 34.5 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

#5 – რაც შეეხება მეხუთე ადგილს, იგი ჩრდილოირლანდიელმა გოლფის მოთამაშე რორი მაკილროიმ დაიკავა. 32 წლის სპორტსმენმა Nike-თან და Omega-სთან თანამშრომლობით 29 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი საერთო შემოსავალი კი 32 მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *