Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ 10%-ზე მაღალ საპასუხო ტარიფებზე სამთვიანი პაუზის გამოცხადების შემდეგ, საფონდო ბირჟებს გამოცოცხლება დაეტყო. განცხადებიდან მალევე, Dow Jones-ის ინდექსი 7.87%-ით გაიზარდა, S&P 500-ზე მატებამ 9.52% შეადგინა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი 12.16%-ით გაიზარდა.

საფონდო ბირჟებზე ზრდის ტენდენცია უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასზეც აისახა. მათ შორის Apple-ის აქციების ფასი ერთდღიან ჭრილში 15%-ზე მეტით გაიზარდა და $198.85-ს გაუტოლდა. შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.987 ტრილიონს მიღწია და Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა, რომელიც ცოტა ხნით Microsoft-ს დაუთმო.

თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ, Microsoft-ის აქციების ღირებულებაც გაიზარდა. თუმცა მის შემთხვევაში მატებამ დაახლოებით 10% შეადგინა და თითო აქციაზე $390.49-ს გაუტოლდა. Microsoft-მა მსოფლიოს ყველაზე ძირად ღირებული კომპანიის სტატუსი Apple-ს დაუბრუნა, რადგან ახლა მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.902 ტრილიონს აღწევს.

როგორც ხედავთ, ტექნოლოგიური გიგანტების ღირებულებას შორის სხვაობა საკმაოდ მცირე, 85 მილიარდი აშშ დოლარია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიის ლიდერი კვლავ შეიცვალოს.