არ მგონია, რომ ოდესმე პანდემიამდელ სასწავლო რეჟიმს დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის (NUS) პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ენგ ჩიმ CNBC-ს უთხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძველი რეჟიმი აღდგეს.
ცნობისთვის, სინგაპურის უნივერსიტეტმა კორონავირუსის პანდემიის გამო, უნივერსიტეტი სამ კამპუსად დაყო. შესაბამისად სტუდენტები და ლექტორები თავიანთ კამპუსს არ უნდა გასცდნენ. ეს იყო პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგია, რაც სასწავლებელმა შეიმუშავა.
მეორე სტრატეგია კი „განტვირთვას“ ეხება. ეს გულისხმობს სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს, როდესაც სტუდენტებს ლექციების ნაწილი უტარდებათ დისტანციურად, ნაწილი კი უშუალოდ სასწავლებელში. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს უნივერსიტეტში ხალხმრავლობის განმუხტვას.
გარდა ამისა, სინგაპურის უნივერსიტეტმა შექმნა სპეციალური აპლიკაციაც, რომელიც ლექტორებსა და სტუდენტებს აფრთხილებს დარჩნენ თავიანთ ზონებში, კამპუსებში. აპლიკაცია ასევე გამოიყენება საკვების ყიდვისთვის, ლექციებზე დასწრებასა და კამპუსის ავტობუსების გამოყენებისთვის.
როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამბობს, ჰიბრიდული სწავლება წარმატებული გამოდგა, შეიქმნა მშვენიერი გარემო, ამიტომაც სასწავლებელი ამ რეჟიმით კიდევ დიდხანს იმუშავებს.
მისივე თქმით, უნივერსიტეტი ასევე ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება გააძლიეროს ვირტუალური სწავლება.
“მთლიანი იდეა გულისხმობს თუ როგორ უნდა შევავსოთ ვირტუალური სწავლებით რეალურ რეჟიმში სწავლება, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა ჯგუფებს შორის საჭიროა უფრო მეტი კრეატიული ჩართულობა“, – განაცხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა.
სინგაპურის უნივერსიტეტში უფრო აქტიურად დაიწყეს ასევე მუშაობა ინტერდისციპლინარული სწავლების გაძლიერებაზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ჰუმანიტარული და სამეცნიერო სწავლების კოლეჯი.
ცნობისთვის, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოში რიგით მე-11 საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა ბიზნეს განათლების სპეციალისტების და კონსულტანტების მიერ როგორც 2020, ასევე 2021 წლისთვის.