არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინდონეზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ინდონეზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ეკონომიკასა და სპარსეთის ყურის ნავთობის მთავარ მწარმოებელს შორის ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს აბუ-დაბიში ვიზიტისას მიღწეული ხელშეკრულება, ქვეყნებს შორის საქონლის დიდ ნაწილზე გადასახადების სრულად მოხსნას ან მნიშვნელოვნად შემცირებას ითვალისწინებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტარიფების შემცირება შეეხება: ინდონეზიურ პალმის ზეთს, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელსა და საამიროების ნავთობქიმიკატებს, პლასტმასასა და ფოლადს.

ინდონეზიის მხარის ინფორმაციით, შეთანხმება ეხება სერვისების გარკვეულ ნაწილსაც, ასევე ინვესტიციებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებასა და ქვეყნების მხრიდან ერთმანეთის „ჰალალის სერტიფიკატის“ აღიარებას. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ქვეყნების მიერ რატიფიცირებას საჭიროებს, რაც ავტოკრატიული საამიროებისთვის მეტწილად პროცედურულია, თუმცა დემოკრატიული ინდონეზიისთვის შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

ინდონეზიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე ძირითადად პალმის ზეთი, სამკაულები და ძვირფასი ლითონები გააქვს, საამიროებიდან კი გაზს, რკინასა და ფოლადს იღებს. ინდონეზიასთან მჭიდრო სავაჭრო კავშირების დამყარება არაბთა გაერთიანებული საამიროების ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ათწლეულის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებაა $816 მილიარდამდე.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმება საამიროებმა ინდოეთთან და ისრაელთან უკვე გააფორმა.