საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, აღნიშნული წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 94.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამ თანხის 4.7% კი უცხოური ვალუტით იყო გამოსახული.
საქსტატის კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 20.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
საინტერესოა, რომ 2020 წლის ბოლოსათვის აღნიშნული აქტივების საერთო მოცულობიდან მოკლევადიანი აქტივების რაოდენობა 3.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, ლიკვიდურობის პროცენტი კი 30.9%-ს უტოლდებოდა.
არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ამ პერიოდისათვის 54.5 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მოკლევადიან ვალდებულებებს 14.4 მილიარდი ლარი შეადგენდა.
საქსტატის კვლევის მიხედვით, ფინანსური წარმოებულების ღირებულებამ 29.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალისა და რეზერვების მოცულობა 40 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
საინტერესო მონაცემია ისიც, რომ 2020 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების საპროცენტო ხარჯები 2 მილიარდი ლარი იყო. თუმცა სანაცვლოდ შემოსავლებმა ამ პერიოდისათვის 8.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხის 83%-ს წმინდა საოპერაციო შემოსავლები, 7%-ს კი საპროცენტო შემოსავლები წარმოადგენს.
საერთო ჯამში, 2020 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები 7.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამ თანხიდან ვალის მომსახურება არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 443.3 მილიონ ლარს შეადგენდა.