Archegos-ის გაკოტრება, ანუ რატომ კარგავენ ბანკები მილიარდებს

Archegos-ის გაკოტრება, ანუ რატომ კარგავენ ბანკები მილიარდებს

რამდენიმე კვირის წინ დაიწყო გავრცელება ინფორმაციამ, რომ მსოფლიოს უდიდესი ბანკები საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვის შედეგად მილიონობით და მილიარდობით აშშ დოლარს კარგავდნენ. ექსპერტებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმის გასარკვევად, თუ ვინ იდგა ამის უკან და რამ გამოიწვია ამხელა აურზაური საფონდო ბირჟაზე. როგორც აღმოჩნდა, დამნაშავე მარტის შუა რიცხვებში გაკოტრებული კომპანია Archegos Capital Management-ია, რომლის შესახებ ამ მოვლენებამდე ცოტას თუ სმენია.

რა არის Archegos Capital Management-ი და ვინ დგას ამ კომპანიის უკან?

Archegos Capital Management-ის ბილ ჰუანგის საინვესტიციო კომპანიაა. ჰუანგი წარსულში ფლობდა კომპანია Tiger Asia Management-ს, ჰეჯ-ფონდს, რომელიც 2012 წელს ჩინური ბანკების აქციების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ, შედეგად კი დიდი ჯარიმა გადაახდევინეს და ჰონგ-კონგში ვაჭრობა რამდენიმე წლით აუკრძალეს. 2013 წელს კი ბილ ჰუანგმა თავისი ჰეჯ-ფონდი ე.წ. საოჯახო ოფისად გადააკეთა და კომპანიას სახელი შეუცვალა – ასე შეიქმნა Archegos-სი.

ახალ კომპანიას ჰქონდა ძალიან დიდი და თან კონცენტრირებული წილები ლურჯი ჩიპის კომპანიებში (თავიანთ ინდუსტრიაში წამყვანი და მსოფლიოში ცნობილი მულტინაციონალური კომპანიები). მაგალითად, Archegos-ს ჰქონდა წილები ისეთ მედიაგიგანტებში, როგორიცაა Discovery და ViacomCBS-ი. ამ წილების შესასყიდად ჰუანგი იყენებდა ბანკების ვალებს, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდ ვალებს, და როდესაც ამ ვალებით შეძენილი წილების ღირებულება დაეცა, Archegos-მა ბანკების მიმართ თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

როგორ მოახერხა Archegos-მა რეგულაციებისთვის გვერდის ავლა, ასეთი უზარმაზარი ვალების აღება (რომელთა გადახდის უნარიც, როგორც აღმოჩნდა, არ ჰქონდა) და როგორ მოიპოვა ბილ ჰუანგისნაირი წარსულის მქონე ადამიანმა ასეთი ბანკებისა და კომპანიების ნდობა?

1.ოჯახის ოფისი

პირველი ხრიკი, რომელსაც ჰუანგმა მიმართა, ეს იყო კომპანიის ჰეჯ-ფონდიდან ოჯახის ოფისად გადაკეთება. ოჯახის ოფისი არის სიმდიდრის მართვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ულტრამდიდარ ინვესტორებს ემსახურება. ერთ-ერთი პირველი საოჯახო ოფისი როკფელერების ოჯახს ემსახურებოდა. თუმცა თუ ძველი ოჯახის ოფისები მხოლოდ ერთ ადამიანთან თუ ოჯახთან აწარმოებდნენ საქმეს, თანამედროვე ოჯახის ოფისები ძირითადად ერთდროულად რამდენიმე ოჯახს ემსახურებიან და ძალიან ბევრ ფუნქციას ითავსებენ. ამ შემთხვევაში ჰეჯ-ფონდსა და ოჯახის ოფისს შორის მთავარი განსხვავება აღმოჩნდა ის, რომ ოჯახის ოფისები გაცილებით ნაკლებად რეგულირებადია. ვინაიდან მდიდარი ოჯახების მიერ კაპიტალის მართვის გადაწყვეტილებებისადმი ნდობა მაღალია, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, იგივე  SEC-ი (Securities and Exchange Commission), რომელსაც ინვესტორებისა და სახელმწიფო საბანკო სისტემის დაცვა ევალება, ოჯახის ოფისებს ისე მკაცრად არ აკონტროლებს და საქმიანობის გამჭვირვალობას არ ავალდებულებს.

2.მთლიანი უკუგების სვოპი

გარდა ამისა, საქმე ისაა, რომ Archegos-ის საბანკო ვალდებულებები არ იყო „მარტივი“ ვალები, იმ გაგებით, როგორითაც ჩვეულებრივ გვესმის და Archegos-ი არა მარტო პირდაპირ ფლობდა დიდ წილებს, არამედ კომპანიებში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა ე.წ. „მთლიანი უკუგების სვოპის“ გავლითაც.

მთლიანი უკუგების სვოპი (Total return swap ) არის ხელშეკრულება ორ მხარეს (გადამხდელი და მიმღები) შორის ფინანსური აქტივის უკუგების გაცვლის შესახებ. ხელშეკრულების ერთი მხარე, ე.წ. გადამხდელი, არის ამ აქტივის უშუალო მფლობელი, რომელიც თანხმდება, აქტივიდან მიღებული მოგება მეორე მხარეს გადაუხადოს, მაგრამ, თავის მხრივ, იმ მხარისგან მიიღოს ფიქსირებული პროცენტული გადასახადი. ამასთანავე, აქტივის გაუფასურების შემთხვევაში, ე.წ. მიმღები მხარე ვალდებულია, გაუფასურების ოდენობა გადამხდელს გადაუხადოს. ამგვარად, გადამხდელი თავს იზღვევს აქტივის ღირებულების შემცირებისგან, ხოლო აქტივის მოგებიანობის შემთხვევაში იღებს ფიქსირებულ გადასახადს. მიმღები კი, თავის მხრივ,  იღებს აქტივის მოგებას მისი უშუალო მფლობელობის გარეშე და თავიდან იცილებს აქტივის შეძენასა და მფლობელობასთან არსებულ ხარჯებს.

მთლიანი უკუგების სვოპი ორივე მხარისთვის საკმაოდ მოსახერხებელი და ეფექტიანი ხელშეკრულებაა, თუმცა ასეთი შეთანხმება რისკებთანაცაა დაკავშირებული. თუ მიმღები მხარე ერთსა და იმავე აქტივზე რამდენიმე მთლიანი უკუგების სვოპის ხელშეკრულებას გააფორმებს, ამ აქტივის ღირებულების შემცირება მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს და თუ ეს მხარე არ არის შესაბამისად კაპიტალიზებული, მარტივად შეიძლება, შეთანხმება მისი გაკოტრებით დამთავრდეს.

ამგვარად, ეს წილები ფორმალურად ბანკების მფლობელობაში იყო და ჰუანგი პირდაპირ მფლობელად არ ითვლებოდა, ამიტომ რთული იყო იმის დადგენა, თუ რამხელა ქონებასა და ვალდებულებებს ფლობდა ჰუანგი რეალურად. ამასთანავე, ის ოჯახის ოფისის ბენეფიტებითაც სარგებლობდა, და თუ სხვა ინვესტორები, რომლებიც ამხელა ღირებულებისა და რაოდენობების წილებს ფლობენ, მკაცრად კონტროლირდებიან SEC-ის მიერ და ვალდებულები არიან, თავიანთი ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიშები რეგულარულად წარადგინონ, ჰუანგს ასეთი ანგარიშები არასდროს გამოუქვეყნებია. შესაბამისად, ასე, თავისი ფინანსური პოზიციების გამხელის გარეშე და ანონიმურობის შენარჩუნების წყალობით, ის ახერხებდა ბანკებიდან დიდი ვალების აღებას და დიდ კომპანიებში მნიშვნელოვანი წილების შეძენას.

3.შედეგები

Archegos-ის ასეთმა რისკიანმა გარიგებებმა კი უკუშედეგის გამოღება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ViacomCBS-მა განაცხადა, რომ $3 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავდა, რის შემდეგაც კომპანიის ღირებულება საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვნად დაეცა. შესაბამისად, ViacomCBS-ის უშუალო წილების მფლობელმა ბანკებმა, რომელთანაც Archegos-ს მთლიანი უკუგების სვოპის ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული, Archegos-ისგან გაუფასურებული აქციების ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. Archegos-ს ამ ვალდებულების შესრულება არ შეეძლო და „გადამხდელმა“ ბანკებმა დაიწყეს როგორც ViacomCBS-ის, ისე Archegos-სთან შეთანხმებაში მყოფი სხვა კომპანიების  წილების მასობრივი გაყიდვა, თანაც ძალიან დაბალ ფასად, რადგან, ბუნებრივია, ამ აქციებზე მოთხოვნა მცირე იყო. ამ ჯაჭვურმა ეფექტმა კიდევ უფრო მეტად შეამცირა ამ კომპანიების ღირებულება და გაზარდა ბანკების დანაკარგები.

ამდროინდელი მონაცემებით, Archegos-ის გაკოტრებით გამოწვეული ბანკების ზარალის ოდენობა 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

ყველაზე მძიმე დანაკარგი – $5.4 მილიარდი – შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა განიცადა. იაპონური ბანკ Nomura-ს ზარალი $2.9 მილიარდია, რაც ბანკისთვის 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მძიმე კვარტალური დანაკარგი აღმოჩნდა. ამერიკულმა Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ  უფრო სწრაფად გაყიდეს თავიანთი აქციები, ამიტომ შედარებით ნაკლები ზარალი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ Archegos Capital Management-ის გაკოტრებასთან დაკავშირებით აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გამოძიება დაიწყო, რომელზეც უკვე გამოძახებულები არიან Credit Suisse-ი, Nomura, Goldman Sachs-ი და Morgan Stanley. ამ სკანდალის გარშემო ბანკირებისგან და ბროკერებისგან ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს აშშ-ის ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელმა ორგანომ (FINRA) და ბრიტანულმა ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *