დიდი ტექნოლოგიის დიდი შეცდომა

დიდი ტექნოლოგიის დიდი შეცდომა

როცა ცენზურაზე მიდგება საქმე, დიდი ტექნოლოგია დიდ შეცდომას უშვებს. Twitter-ი და სხვა მაღალტექნოლოგიური გიგანტები ცდილობენ, მნიშვნელოვნად შეზღუდონ ან გააქრონ კონსერვატორული აზრი. წლებია, ისინი დაბრკოლებებს უქმნიან ან, შიგადაშიგ, ბლოკავენ მემარჯვენე პოსტებს.

ახლა, როცა ბრბოს შემზარავი თავდასხმა Capitol Hill-ზე უკვე მომხდარია, ამ კომპანიებმა ობიექტურობაზე ყველა პრეტენზია დაივიწყეს. ყველაზე შოკის მომგვრელი ალბათ ისაა, რომ მათ დახურეს Parler-ი – Twitter-ის შედარებით ახალი მეტოქე. ბობოლები, რომლებიც Twitter-ს, Facebook-ს, Amazon-სა და სხვებს თაოსნობენ, მგზნებარედ ამტკიცებენ, რომ ძალადობის პროვოცირების წინააღმდეგნი არიან, რაც სასაცილოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინელი და ირანელი პროპაგანდისტების მძაღე, სისხლიანი პოსტები ხელშეუხებელი რჩება. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ექსტრემალურ პოსტებზე ინდივიდებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისაგან. ასე, მაგალითად, გასულ წელს Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა იმ კაპიტალისტების დახვრეტის მოწოდება გააკეთა, რომელთაც არასასურველ პირებად თვლიდა.

დიდი ტექნოლოგია, შესაძლოა, ფიქრობს, რომ დაცვის დაზღვევას ყიდულობს დემოკრატებისგან, რომელთაც თეთრ სახლშიც მოიპოვეს გამარჯვება და კონგრესის ორივე პალატაშიც. მაგრამ ისინი მხოლოდ სერიოზულ მტრობას აღვივებენ, რომელიც, რაღაც მომენტში, მათვე დაუბრუნდება და ატკენს. ქედმაღლობა და წყეულიმც-იყოს-საზოგადოება-ტიპის დამოკიდებულებები მუდამ სამაგიეროთი სრულდება, სულ ერთია, რაოდენ ძლევამოსილადაც არ უნდა მიაჩნდეთ თავი კომპანიებსა და ორგანიზაციებს.

Parler-ის მსგავს საიტთა განადგურების მცდელობით, დიდი ტექნოლოგია სასამართლო საქმეთა ნაკადს იმკის, რომლებიც მათ ვაჭრობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მეტიც, მომავალი მომჩივნები სამართლებრივ შეტევათა სხვა საშუალებებსაც განიხილავენ, მაგალითად, იდეას, რომ კონკრეტული საიტები საზოგადოებრივ გადამზიდებად კვალიფიცირდებიან და, აქედან გამომდინარე, ვერ დაბლოკავენ პოსტებს, რომლებიც კანონს არ არღვევს – ზუსტად ისევე, როგორც სამგზავრო რკინიგზა ან სატელეფონო კომპანიები ვერ აუკრძალავენ მომხმარებლებს მათი მომსახურებით სარგებლობას.

დიდი ტექნოლოგიის მოქმედებები ანტიტრესტული მოქმედებების საფუძველს ქმნის, რასაც უკვე მისდევდნენ შტატები და სხვა ქვეყნები. გარდა ამისა, დიდი ტექნოლოგიის ასეთი ქცევა ცეცხლს უნთებს მილიონობით ამერიკელის ბრაზს, რომელთაც განცდა აქვთ, რომ დიდი ბიზნესი და ქედმაღალი, ძალაუფლებას დახარბებული, ხალხთან გაუცხოებული პოლიტიკოსები მათ მარგინალიზებას ან დათრგუნვას ცდილობენ.

ეს ბრაზი და გაუცხოება არც პოლიტიკური და არც კულტურული გარემოსთვისაა ჯანმრთელი.

ეს ტექნოლოგიური გიგანტები წლების წინ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი კეთილდღეობა, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული… ან, სულ ცოტა, მის უსიტყვო თანხმობაზე.

ათწლეულების წინ AT&T-ი ტელეფონის ლეგალური მონოპოლისტი იყო. Ma Bell-ი, როგორც ამ კომპანიას შეარქვეს, ძალ-ღონეს არ იშურებდა, ყველასთვის რომ ესიამოვნებინა. სერვისი შეუდარებელი ჰქონდათ. პერსონალი, მარად მზადმყოფი დახმარებისთვის, თავაზიანობისა და დაუზარლობის განსახიერება იყო. ყველა მედიაპლატფორმა იღებდა რეკლამებს AT&T-სგან. ეს ყველაფერი კი მას პოლიტიკური თავდასხმისაგან იცავდა. საბოლოო ჯამში, AT&T-ის ძველ მონოპოლიას ძირი ტექნოლოგიამ გამოუთხარა და არა პოლიტიკამ.

ძალიან ცუდია, დღევანდელი დიდი ტექნოლოგია ამ მოდელს რომ არ მიჰყვება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *