საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ TBC ეკონომიკურ მიმოხილვაში წერს და რამდენიმე არგუმენტს ასახელებს.
როგორც ბანკში აღნიშნავენ, ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით ზედმეტად გაუფასურებული იყო.
„პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი (რუსეთიდან) შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს.
საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება“, – განმარტავენ TBC-ში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, – რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა TBC შეფასებით, რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.