„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“ - სემეკის წევრი

„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“ - სემეკის წევრი

არიან ინვესტორები, რომლებიც ელოდებიან 2021 წლის 1 ივლისს, როდესაც საქართველოში ენერგობაზარი გაიხსნება, – ამის შესახებ სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვა დაიწყება.

„ინვესტორები სხვადასხვა კვლევას ატარებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში მოთხოვნა იზრდება და იმპორტიც მზარდია, ასევე იციან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტიანობა.

ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაციის წყაროები უნდა იყოს განვითარებული, აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი ბიზნესმენი და ინვესტორი მიხვდება, რომ ეს არის ნიში, სადაც შეუძლიათ თამამად შემოსვლა და ადგილობრივი წარმოება და რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება, ვინაიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არსებობს“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

სემეკის წევრმა გასულ წელს ენერგოსექტორში ინვესტიციების შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო პანდემიაც. „მაგრამ მეორე მხრივ იყო გარდამავალი პერიოდი, რომელსაც ახლა გავდივართ. კერძოდ, ჩვენ ახლა ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ვახდენთ. მზადდება კიდევ არაერთი პაკეტი, რათა საკანონმდებლო ბაზაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო პროცესი დასრულდება, ინვესტორებისთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება, დაინახონ დიდი სურათი და თამამად შემოვიდნენ ბაზარზე“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, 1 ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს ორგანიზებულს გახდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *