ყაზახეთმა საკუთარი კოვიდ-ვაქცინა QazVac-ი შექმნა და მისი გამოყენებაც დაიწყო

ყაზახეთმა საკუთარი კოვიდ-ვაქცინა QazVac-ი შექმნა და მისი გამოყენებაც დაიწყო

ყაზახეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – QazVac-ი შექმნა და მისი გამოყენებაც დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანა ადგილობრივ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი იმუნიზაციისთვის გამოიყენებს.

ამ დრომდე 19-მილიონიან ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თითქმის ერთი მილიონი მოქალაქე რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აცრეს, რომლის იმპორტს და ადგილობრივად წარმოებასაც ყაზახეთი თავადაც ახორციელებს.

ამასთან, ყაზახეთის სუვერენულმა ფონდმა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა შეუკვეთა.

პარალელურად კი მიმდინარე კვირას, ქვეყანამ საკუთარი ვაქცინის გამოყენება დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ყაზახური ვაქცინით მედიის წინ, საჯაროდ აიცრა.

ბევრი სხვა ვაქცინის მსგავსად, QazVac-ის ვაქცინის ორი დოზაა საჭირო, ინტერვალი დოზებს შორის სამი კვირა უნდა იყოს.

ყაზახური ვაქცინა ამჟამად კლინიკური შემოწმების მესამე ეტაპზეა, რომელიც ივლისში დასრულდება. როგორც ყაზახური კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, პირველ ორ ეტაპზე ვაქცინირებულ 222 ადამიანს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რაც შეეხება თანამდევ ეფექტებს, მნიშვნელოვანი ეფექტები არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, ყაზახეთში 360 000-ზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ჯამში 4 381 ადამიანი შეეწირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.