გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორების უმეტესობის შემთხვევაში, საპასუხო ტარიფები, რომლებიც 10%-ს აღემატებოდა, სამი თვით შეაჩერა. შედეგად, მათ შემთხვევაშიც 10%-იანი უნივერსალური განაკვეთი იმოქმედებს. თუმცა ამ ქვეყნების რიგებში ვერ მოხვდა ჩინეთი, რომლისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ტარიფები არათუ შეაჩრა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთისთვის უკვე გამოცხადებული 104%-იანი ტარიფი 125%-მდე გაიზრდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთთან „სატარიფო ომის“ გაგრძელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ აზიურმა ქვეყანამ შეერთებული შტატებისთვის საპასუხო, 84%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ნაბიჯი კი, თავის მხრივ, ჩინურ საქონელზე ტარიფების 104%-მდე გაზრდის შესახებ ტრამპის მუქარას მოჰყვა.
„იმ პატივისცემის ნაკლებობიდან გამომდინარე, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოავლინა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, დაუყოვნებლივ ძალაში შესასვლელად“, – აღნიშნა ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
ტრამპის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ჩინეთის საპასუხო ნაბიჯები არა ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ თავად აზიური სახელმწიფოს ეკონომიკას დააზარალებს. „დავინახავთ, რას მოიმოქმედებს ჩინეთი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, გავლენას მათ ეკონომიკაზე უფრო მოახდენს, ვიდრე ჩვენსაზე“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
საინტერესოა, როგორ უპასუხებს სი ძინპინი დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა აშშ-თან „ტარიფების ომში“ ბოლომდე ბრძოლის პირობა დადო.