ფოტო: Getty Images
აშშ-ის სენატში დემოკრატებმა 1.15 ტრილიონი დოლარის მოცულობის ყოველწლიური თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი (National Defense Authorization Act – NDAA) დაბლოკეს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან სამხედრო კონფლიქტში კონგრესთან შეთანხმების გარეშე ჩართვა გახდა.
კანონპროექტის პროცედურულ კენჭისყრაზე მხარდამჭერთა ხმებმა მოწინააღმდეგეთა რაოდენობას გადააჭარბა (50 ხმით 46-ის წინააღმდეგ), თუმცა განხილვის გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოგროვდა.
კენჭისყრა პარტიული ხაზით გაიმართა. კანონპროექტს ყველა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი, გარდა სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტიუნისა, რომელმაც პროცედურული მიზეზების გამო ხმა წინააღმდეგ მისცა, რათა საკითხის ხელახლა განხილვის შესაძლებლობა შეენარჩუნებინა.
დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ასეთი მასშტაბის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცება ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერად იქნება აღქმული. მათი პოზიციით, ადმინისტრაცია პარალელურად ზრდის სამხედრო ხარჯებს, მაშინ როდესაც ქვეყანაში სოციალური პროგრამების დაფინანსება მცირდება.
NDAA 1.15 ტრილიონი დოლარის თავდაცვის ხარჯების ავტორიზაციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფაც სთხოვა ბიუჯეტის სპეციალური პროცედურის ფარგლებში, რომელიც რესპუბლიკელებს დაფინანსების დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე დამტკიცების საშუალებას აძლევს.
თავის მხრივ, ჯონ ტიუნმა დემოკრატები უსაფრთხოების საკითხების პოლიტიზებაში დაადანაშაულა.
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სამხედრო ძალები მზად იყვნენ როგორც დღეს, ისე ხვალინდელი გამოწვევებისთვის,“ – განაცხადა მან.
NDAA განსაზღვრავს აშშ-ის თავდაცვის სფეროს ძირითად პრიორიტეტებს, მათ შორის სამხედრო ხომალდების, ავიაციისა და სარაკეტო სისტემების შესყიდვებს, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებასა და გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე რეაგირების პოლიტიკას.
მიუხედავად მიმდინარე შეფერხებისა, კანონპროექტის განხილვის პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. ტრადიციულად, წარმომადგენელთა პალატა და სენატი თავდაცვის კანონპროექტის საკუთარ ვერსიებს ამტკიცებენ, რის შემდეგაც შეთანხმებული საბოლოო ვარიანტი ორივე პალატაში კენჭისყრაზე გადის. დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად გადაეგზავნება.









