აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ანტისემიტიზმის შესახებ“კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ანტისემიტიზმის შესახებ“კანონპროექტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონპროექტი დაამტკიცა. „ანტისემიტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტი“ ორპარტიული კენჭისყრით იქნა მიღებული.

კანონპროექტს მხარი ორივე პარტიის დამსწრე წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის იყო 187 რესპუბლიკელი და 133 დემოკრატი, წინააღმდეგი – 21 რესპუბლიკელი და 70 დემოკრატი. ძალაში შესვლამდე კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

პალატის გადაწყვეტილება ეხმიანება ბოლოდროინდელ მოვლენებს, რის შედეგადაც აშშ-ის კოლეჯებში სტუდენტებს შორის დაძაბულობა დღითიდღე იმატებს. კერძოდ, ათეულობით სასწავლებელში სტუდენტები პალესტინელთა მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს მართავენ და ბანაკებს შლიან.

„ანტისემიტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტი“ განათლების დეპარტამენტისგან  მოითხოვს მიიღოს ანტისემიტიზმის განმარტებები, რომლებიც „ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის“ მიერ გამოიყენება. თუმცა კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აქტით ზედმეტად ფართო შეზღუდვები დაწესდება.

ალიანსი განმარტავს ანტისემიტიზმს, როგორც „ებრაელთა იმგვარ აღქმას, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს“ და მოიცავს ებრაელი ხალხის ზიანის ან სიკვდილის შესახებ მოწოდებებს „რადიკალური იდეოლოგიისა ან ექსტრემისტული შეხედულების სახელით“. ამასთან ერთად კი გულისხმობს ებრაელი ხალხის დემონიზაციასა და მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპულ ბრალდებებსაც.

აშშ-ის კოლეჯებში სტუდენტთა ჯგუფები ხელმძღვანელობენ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციებს და აპროტესტებენ ღაზაში ისრაელის შეჭრას. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ომის დაწყების დღიდან, 34 ათასი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის შეფასებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე  7 ოქტომბრის თავდასხმისას კი 1,200 ადამიანი დაიღუპა.