გასული 50-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთავრის ზედაპირზე კოსმოსური აპარატის წარმატებით დასმა შეძლო. ჰიუსტონში დაფუძნებული კომპანია Intuitive Machines-ის მიერ შექმნილი, ექვს ფეხზე მდგარი რობოტი ლენდერი, სახელწოდებით Odysseus-ი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსთან 23 თებერვალს, 03:23 საათზე დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ასევე არის პირველი კერძო მისია, რომლის ფარგლებშიც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვეს.
შეგახსენებთ, ამ მისიამდე, 1972 წლის 11 დეკემბრიდან მოყოლებული აშშ-ს მთვარეზე რბილი დაშვება არ განუხორციელებია. ეს არის თარიღი, როდესაც NASA-ს მისია Apollo 17-ის ეკიპაჟმა ობიექტის ზედაპირზე დაჯდომა უსაფრთხოდ შეძლო.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Odysseus-ის დახმარებით მთვარეზე კვლევითი ხელსაწყოები გაგზავნა, რომელთა მეშვეობითაც NASA, მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში დაგეგმილ ეკიპაჟიან მისიამდე, ობიექტის სამხრეთ პოლუსის მიმდებარე არეალის შესწავლას შეეცდება. ბოლო ინფორმაციით, სააგენტო მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებას 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს.