მძიმე ინდუსტრიების დეკარბონიზაციის პროექტების დასაჩქარებლად, ამერიკის შეერთებული შტატები $6 მილიარდის ღირებულების გრანტების გაცემას გეგმავს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაფინანსება შეეხება ისეთ ინდუსტრიებს, რომლებიც ფოლადს, ალუმინსა და ცემენტს აწარმოებენ და აშშ-ის სათბური აირების ემისიის თითქმის 25%-ს წარმოქმნიან.
„სამრეწველო დემონსტრაციების პროგრამა“ კონკურენტულ გრანტებს ტექნოლოგიური დეველოპერებისთვის, ინდუსტრიისთვის, უნივერსიტეტებისა და სხვა სახის ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფს. ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ინფორმაციით, გრანტები იმ პროექტების ხარჯების 50%-ს დააფინანსებს, რომელთა მიზანიც ისეთი ინდუსტრიებიდან ემისიების აღმოფხვრაა, როგორიც, მათ შორის, ქიმიკატების, კერამიკისა და ქაღალდის წარმოებაა. პროგრამა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმის მიზანია, რომელიც 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის სრულად დეკარბონიზაციას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივან ჯენიფერ გრანჰოლის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც დაბინძურების შემცირებას, ასევე ამერიკული წარმოების კონკურენტუნარიანობის გამყარებას. „დეკარბონიზაციის ტექნოლოგიები ისაა, რაც ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ, შემდეგ კი განვავითაროთ და გავაფართოოთ“, – განაცხადა გრანჰოლმა ჰიუსტონში გამართულ CERAWeek-ის კონფერენციაზე პროგრამის შესახებ, რომელიც არსებულ და ახალ ობიექტებში პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად.
მძიმე ინდუსტრიების დეკარბონიზაციის დასაჩქარებლად დაფინანსება 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტისა და გასულ წელს დამტკიცებული ინფლაციის აქტის ფარგლებში გაიცემა. პროგრამამ გარემოსდაცვითი ჯგუფების მხარდაჭერა უკვე მოიპოვა, რომელთაც მოუწოდეს DOE-ს, გამოყოს რესურსების მინიმუმ 40% იმ დასახლებებთან მდებარე ობიექტებისთვის, რომლებიც მძიმე ინდუსტრიებიდან სოციალურ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გავლენას განიცდიან.
„ახალი დაფინანსება აშკარა შესაძლებლობაა ამერიკის პირველადი ფოლადის წარმოების მოდერნიზებისთვის, კლიმატისა და ჯანმრთელობისთვის მავნე დაბინძურების შესამცირებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – განაცხადა Industrious Labs-ის ფოლადის სექტორის დირექტორმა ჰილარი ლუისმა და დასძინა, რომ დღეს ინვესტიციების განხორციელების გარეშე, ხვალ ინდუსტრია მწვანე ფოლადის რბოლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება.