აშშ რუს ჰაკერებზე ინფორმაციისთვის $10-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ რუს ჰაკერებზე ინფორმაციისთვის $10-მილიონიან ჯილდოს აწესებს

ფოტო: BeeBright/Shutterstock.com

 

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსეთის სამი მოქალაქის წინააღმდეგ ბრალდებები გამოაქვეყნა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის $10 მილიონის ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესა. ვაშინგტონი ბრალდებულ პირებს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის კიბერთავდასხმებს ედავება.

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ალექსანდრ ვოლოსოვიკი, კირილ ზატოლოკინი და იულია პანკოვა ხელს უწყობდნენ ამერიკის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ თავდასხმებს, მათ შორის საუბარია ე.წ. გამომძალველ პროგრამებზე (Ransomware). ეს უკანასკნელი კომპანიის სისტემებში, კომპიუტერებსა ან ტელეფონებში შეღწევას, მომხმარებლებისთვის მათზე წვდომის დაბლოკვას/შეზღუდვას და შემდგომში უკვე მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნას გულისხმობს.

გარდა ამისა, ალექსანდრ ვოლოსოვიკს, კირილ ზატოლოკინსა და იულია პანკოვას შეერთებული შტატები კომპიუტერული თაღლითობის შეთქმულებაში, ელექტრონული გადარიცხვების გზით თაღლითობაში, ფულის გათეთრების მიზნით ორგანიზებულ ქმედებებსა და სხვა კიბერდანაშაულებთან დაკავშირებულ ქმედებებში მონაწილეობას ედავება.

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ბრალდებული პირების მონაწილეობით განხორციელებული კიბერდანაშაულებებით აშშ-ის 21 შტატსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მყოფ პირებს ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგათ. დაზარალებულებს შორის არიან აშშ-ში მოქმედი ბანკები, სკოლები, სამთავრობო უწყებები, საავადმყოფოები და მედიაკომპანიები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, $10-მილიონიანი ჯილდო გაიცემა ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის, რომელიც რუსეთის ბრალდებულ მოქალაქეებსა და მათ კომპანიებს, Media Land-სა და ML.Cloud-ს, შეეხება. აღნიშნულ კომპანიებს, ამერიკული მხარის მტკიცებით, ე.წ. „ტყვიაგაუმტარი“ ჰოსტინგის სერვისები ჰქონდათ, რომლებიც კიბერკრიმინალებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გვერდის ავლით მოქმედებასა და სერვერების გათიშვისგან თავდაცვაში ეხმარებათ.