ფოტო: canadianmortgagetrends.com
აშშ-ში ინფლაციის დონემ მაისში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილთან შედარებით ზრდამ 0.5% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი ეკონომისტების პროგნოზს სრულად დაემთხვა. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ აშშ-ში ინფლაციის ყველაზე მაღალი დონეა. შეგახსენებთ, იმ დროს ინფლაციამ 4.9%-ს მიაღწია.
ამავე პერიოდში ე.წ. საბაზისო ინფლაცია, რომელიც ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ცვლილებებს არ ითვალისწინებს, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელიც ანალიტიკოსების მოლოდინს შეესაბამება, თუმცა მისი თვიური ზრდა 0.2% იყო, რაც პროგნოზირებულ 0.3%-ზე დაბალია.
ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი ენერგორესურსების გაძვირება გახდა. ენერგეტიკული ინდექსი მაისში 3.9%-ით გაიზარდა და საერთო ფასების ზრდის 60%-ზე მეტი სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა. მათ შორის საწვავის ერთ თვეში 7%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში თითქმის 59%-ით გაიზარდა.
ენერგორესურსების ფასების ზრდა დიდწილად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობას უკავშირდება. ნავთობისა და გაზის გაძვირება მას შემდეგ დაჩქარდა, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.
ინფლაციური ზეწოლის ფონზე იზრდება მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ახალი თავმჯდომარის, კევინ უორშის ხელმძღვანელობით, მომავალ კვირას პირველად შეიკრიბება. აპრილის სხდომის ოქმების მიხედვით, ფედერალური რეზერვის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინფლაციის 2%-იან სამიზნე დონემდე დაბრუნებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდევი.












