საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან თანამშრომლობით გოგოებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება 10 პარტნიორ აკადემიაში და დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს.

პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

„ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რა უნარები იქნება საჭირო სხვადასხვა სფეროში – დასაქმების თუ განათლების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებაში გოგოები და ქალები თანაბრად იყვნენ ჩართულნი – არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ როგორც მათი შემქმნელები. სწორედ ამიტომ, UN Women-თან და Mastercard-თან ერთად სასტიპენდიო პროგრამას ვახორციელებთ – AI სტიპენდია გოგოებისთვის, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტი 10  პარტნიორ აკადემიაში, სრული დაფინანსებით“, – აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. 

გოგოები ტექნოლოგიებში: გამოწვევები, რომლებიც კვლავ რჩება

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ICT პროფესიას ქალების მხოლოდ 20–22% ირჩევს. პროფესიულ პროგრამებში ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია და დაახლოებით 29%-ს შეადგენს, თუმცა საერთო სურათი მაინც უთანასწორობაზე მიუთითებს. მიზეზი კი ინფორმირებულობის ნაკლებობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე შეზღუდული წვდომა, ენის ბარიერი და რეალური მაგალითებისა და მენტორობის ნაკლებობა.

„დღეს ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას, შრომის ბაზარს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, თუმცა არსებობს სერიოზული რისკი, რომ იგი გააძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას, თუ ქალები ამ პროცესში სრულფასოვნად არ იქნებიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები – აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნავს ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის ანალიტიკოსი.

სასტიპენდიო პროგრამის პირველ ნაკადზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო.

„იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გოგოების მხრიდან დაინტერესება და ეს ინტერესი და ჩართულობა შედეგებშიც გადაითარგმნება – მეტი კურსდამთავრებული შეძლებს ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნავს ელენე გაბელაია . 

მისივე შეფასებით, საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდ კომპანიებს შეუძლიათ მასშტაბური და სისტემური ინიციატივების წამოწყება, ცნობიერების ამაღლება და თემის ფართო აუდიტორიამდე მიტანა.

„დიდი კომპანიების ჩართულობა ქმნის მაგალითს სხვა ბიზნესებისთვის, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი ინიციატივის გაჩენას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ასეთი პარტნიორობები ქმნის ეკოსისტემას, სადაც ქალების გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური მიზანი, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, – აღნიშნავს ელენე გაბელაია.

„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. AI სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი გვსურს, გოგოებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მეტად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი ტექნოლოგიების მიმართულებით, აღმოაჩინონ ახალი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები”, – აღნიშნავს ანი ლომთაძე. 

ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

საქართველოს ბანკის და UN Women-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

S