აშშ-ში TikTok -ი დროებით აღარ აიკრძალება

აშშ-ში TikTok -ი დროებით აღარ აიკრძალება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok–ის მშობელ კომპანია ByteDance–სა და Oracle–ს შორის გარიგება დაამტკიცა. შედეგად აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში TikTok-ი დროებით აღარ აიკრძალება.

შეზღუდვები, რომელიც 20 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 1 კვირით გადაიდო. ინფორმაციას CNN აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელშეკრულების თანახმად, ByteDance-ი Tik-Tok-ის ძირითად მფლობელად რჩება. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარიგება “კონცეფციურად” დაამტკიცა.

“გარიგებას ჩემი კურთხევა მივეცი: თუ ისინი ამას გაუმკლავდებიან, ძალიან კარგი იქნება; თუ არა და – არაუშავს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, გარიგებაში შედის 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ის განათლებისთვის, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კომპანიები გადაიხდიან ამ თანხას. ამ საკითხზე კი ოფიციალური თეთრი სახლი დუმს.

ცნობისვის, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ TikTok შტატებში 15 სექტემბერს აიკრძალებოდა, თუ ჩინური კომპანია ByteDance მას არ გაყიდდა და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს “ბევრი ფულით” არ მოამარაგებდა. როგორც ტრამპმა 1 აგვისტოს განაცხადა, აპლიკაციის აკრძალვის განკარგულებას იმავე დღეს მოაწერდა ხელს. ამას მოჰყვა ცნობები იმის შესახებ, რომ Microsoft-მა კომპანიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა და ByteDance-თან მოსალაპარაკებლად აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტისგან (CFIUS) 45-დღიანი ვადა მიიღო.

3 აგვისტოს პრესასთან საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ სურს, Microsoft-მა – “დიდმა”, “სანდო” და “ძალიან ამერიკულმა” კომპანიამ, TikTok-ი შეიძინოს. მისი თქმით, Microsoft-მა ByteDance-ისგან მთლიანი კომპანია უნდა შეისყიდოს და არა მისი ოპერაციები აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რადგან “30%-ის ყიდვა სირთულეებთანაა დაკავშირებული”.

ტრამპის ადმინისტრაცია TikTok-ის აკრძალვაზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობს და მიზეზებად ეროვნულ უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას და ჩინეთის იმის გამო დასჯის სურვილსაც ასახელებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის აფეთქებას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.