ინფლაცია, ჯერჯერობით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში, მაღალი ინფლაცია თითქმის ყველა დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში ფიქსირდება. სულ მცირე 5%-იანი ინფლაცია დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 83.3%-ში, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების 90.7%-ში, საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 95%-ში და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 86.9%-ში ფიქსირდება, რაც პრობლემის გლობალურობაზე მიანიშნებს.
ინფლაცია მზარდია სასურსათო ბაზარზეც – წლიდან წლამდე, ხორბლის ფასი 5%-ით, ხოლო სიმინდის ფასი 19%-ითაა მომატებული, მაგრამ 2021 წლის იანვართან შედარებით, ეს მაჩვენებელი 25%-ს და 29%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბრინჯს, მისი ფასი საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა და გასული ორი კვირის განმავლობაში არ შემცირებულა, მეტიც – გასული წლის იანვართან შედარებით, ის 14%-ითაა შემცირებული.
საერთო ჯამში, არსებული პროგნოზების თანახმად, მსოფლიო ბანკის საკვების ინდექსი, რომელმაც 2022 წლის განმავლობაში 18%-ით იმატა, 2023 წლის განმავლობაში 6%-ით შემცირდება და 2024 წელს დასტაბილურდება. თუმცა ფასების დაღმავალ ტენდენციას საფრთხე მაინც ემუქრება, რაშიც დიდი წვლილი რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებამ და ენერგომატარებლების ფასის ზრდამ შეიძლება შეიტანოს – ცხადია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებული გაურკვევლობა.
თავისთავად ცხადია, რომ ყველაფერი ეს გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე – როგორც გაერთიანებული ერების მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რაპორტიდან ვიგებთ, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკიდურესი საფრთხის წინაშე არიან – 222 მილიონამდე გაიზრდება. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც – ფინანსური ინსტიტუტის დათვლებით, საკვებისა და სასუქების მზარდი ფასების გამო დაზარალებული ორმოცდარვა ქვეყნის დასახმარებლად $5-დან $7 მილიარდამდე დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება არის საჭირო.
ქვეყნები, სადაც სასურსათო ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება (ნომინალური, წ/წ)
- ზიმბაბვე – 321%
- ლიბანი – 208%
- ვენესუელა – 158%
- თურქეთი – 99%
- არგენტინა – 87%
- შრი-ლანკა – 86%
- ირანი – 84%
- რუანდა – 41%
- სურინამი – 40%
- ლაოსი – 39%
ცნობისთვის გეტყვით, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში, სასურსათო ინფლაციის მაჩვენებელი 16.4%-ს შეადგენს.