ავიაკომპანია Emirates-ი კორონავირუსის ვაქცინის ტრანსპორტირების გამოწვევებზე მუშაობს

ავიაკომპანია Emirates-ი კორონავირუსის ვაქცინის ტრანსპორტირების გამოწვევებზე მუშაობს

ავიაკომპანია Emirates-ი მუშაობს გლობალურ ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად, მათ შორის Pfizer-თან ერთად, რათა კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური გამოწვევები დაძლიოს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავია ინდუსტრია ცდილობს, შექმნას საუკეთესო პრაქტიკა და ჩამოაყალიბოს მიწოდების ქსელი, რათა დედამიწის მოსახლეობა იყოს დაზღვეული რომ ვაქცინას მიიღებს.

“ვაქცინის დისტრიბუციის ლოგისტიკა, თავისი ბუნებით და გამომდინარე იმ პირობებიდან, რაც საჭიროა ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის, ინდუსტრიისთვის გამოწვევა იქნება“, – აღნიშნა Emirates-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვაქცინის ტრანსპორტირებისას და ასევე დასაწყობებისას, საჭირო იქნება სპეციალური ტემპერატურის (–70 ცელსიუსი) უზრუნველყოფა, რათა მისი ეფექტიანობა შენარჩუნდეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას Pfizer-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. მისი წარმოება უკვე დაწყებულია და ბუნებრივია ტრანსპორტირების საკითხიც მალე უნდა მოგვარდეს. Emirates-ის პრეზიდენტის თქმით, მათ ლაინერებს აქვს საყინულეები, ასევე მაცივრები, რაც ვაქცინის დისტრიბუციისთვის იქნება საჭირო.

როგორც Pfizer-ში აცხადებენ, წლის ბოლომდე 50 მლნ დოზა ვაქცინის წარმოებას შეძლებენ, მომავალი წლისთვის კი 1.3 მილიარდი დოზის. აღნიშნული კომპანიის გარდა, სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც მუშაობენ ვაქცინაზე, მათი ნაწილი შემოწმების ბოლო ეტაპზეა. მათ შორის არიან Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *