აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა აზერბაიჯანის ოთხ მთავარ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა, სხვებისთვის კი კაპიტალის მოთხოვნები შეამცირა. ამის მიზეზი ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ქვეყნის ფინანსური სისტემის ცუდ ვითარებაში ჩავარდნა გახდა.
მარტიდან, მაშინ როდესაც დაიწყო ნავთობის ფასის კლება, აზერბაიჯანის მთავრობამ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა, რათა შეეჩერებინა ეროვნული ვალუტის – მანათის კურსის ვარდნა. მთავრობა ამბობდა, რომ არ მოხდებოდა მანათის გაუფასურება.
“მაკროეკონომიკური სტაბილურობა აზერბაიჯანში შენარჩუნებულია. ინფლაცია მისაღებ დონეზეა. მანათი სტაბილურია. ვითარება უცხოურ ბაზარზე ნორმალიზებულია. უფრო მეტიც, ვითარება დამაკმაყოფილებელია საბანკო სექტორში. ლიკვიდობა ნორმალურია, საკრედიტო აქტივობების აღდგენა მიმდინარეობს“, – ეს განცხადება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა 24 აპრილს გააკეთა.
თუმცა, მთავრობის ოპტიმიზმი გასულ უქმეებზე ახალი ძვრების შედეგად შეიცვალა. რუსტამოვის განცხადებიდან მეორე დღეს, ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ ამცირებდნენ კაპიტალის რაოდენობას, რაც ბანკებს უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან ამბობდნენ, რომ ბანკებს ძველი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდათ.
27 აპრილს კი ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ ოთხ კომერციულ ბანკს – Atabank-ს, AGBank-ს, NBCBank-ს და Amrakh Bank-ს დროებითი კონტროლის ქვეშ აქცევდნენ. როგორც წყარომ “როიტერსს“ განუცხადა, აღნიშნულ ოთხივე ბანკს ლიკვიდობისა და ფინანსური სტაბილურობის პრობლემები აქვს.
ეკონომისტ გუბად იბადოღლუს თქმით, ამჟამინდელი საბანკო კრიზისი სექტორში უფრო სისტემური პრობლემებიდან წარმოიშვა:
“სამწუხაროდ, 28 წლის განმავლობაში, ჯანსაღი და კონკურენტული საბანკო ბაზარი ვერ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანში, და ისეთი საბანკო მენეჯმენტი, რომელიც თანამედროვე კორპორატიულ სტანდარტებს პასუხობს. ამ ყველაფრის საფასურის გადახდა პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს უწევთ, რომლებიც ყველაზე დაზარალებულები არიან“.
ეკონომისტის თქმით, რთულია შექმნილ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება.