რა ვიცით ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?

რა ვიცით ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?

Pfizer-ი და BioNTech-ი საკუთარი წარმოების იმ ვაქცინის კლინიკური კვლევების ჩატარებას იწყებენ, რომელიც უშუალოდ ომიკრონის შტამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ამის შესახებ კომპანიებმა გუშინ განაცხადეს. განახლებულ ვაქცინაზე კომპანიებმა მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ თავდაპირველი ვაქცინის ორი დოზა ახალი შტამის გავრცელებას ხელს ვერ უშლის.

Harvard Gazette-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Pfizer-ის,  BioNTech-ისა და Moderna-ს თავდაპირველი ვაქცინები ომიკრონს ვერ უმკლავდებიან, მაგრამ მესამე დოზის შემთხვევაში, დაცვის კოეფიციენტი იზრდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის ორი დოზა ძლიერი ავადმყოფობისა და გარდაცვალების რისკს მაინც ამცირებს, თუმცა ვაქცინის მესამე, ბუსტერული დოზა ორგანიზმის დაცვის უნარს კიდევ უფრო აძლიერებს.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის ომიკრონ-შტამს არაერთი მუტაცია უფიქსირდება, ორგანიზმის მიერ ვაქცინების მიმართ წარმოქმნილ ანტისხეულებს ვირუსის შეკავება უჭირთ. აქედან გამომდინარე, წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ისეთ ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც უშუალოდ ომიკრონის საწინააღმდეგოდ იქნება მომართული.

Pfizer-ი და BioNTech-ი პირველი კომპანიები არიან, რომლებიც ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ კვლევებს იწყებენ – კვლევაში მონაწილეობას 1420 ადამიანი მიიღებს. ისინი, ვინც თავდაპირველი ვაქცინით ორჯერ აიცრნენ – ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ ან ორ დოზას მიიღებენ, ხოლო ისინი, ვინც სამჯერ აიცრნენ – თავდაპირველი ვაქცინის ერთ დოზას ან ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ დოზას მიიღებენ. ისინი კი, ვინც ჯერჯერობით აუცრელია, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის სამ დოზას მიიღებენ.

„ეს კვლევა ჩვენი სამეცნიერო მიდგომის ნაწილია, რომლითაც შტამზე მორგებული ვაქცინის შექმნა გვსურს, რომელიც ომიკრონის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორიც სხვა შტამების წინააღმდეგ იყო, თუმცა მისი შედეგები უფრო დიდხანს გასტანს“, – აღნიშნა BioNTech-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, უგურ შაჰინმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე არსებული არც ერთი ვაქცინა ომიკრონის წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანი არ არის, როგორიც სხვა შტამების წინააღმდეგ, საინტერესო იქნება გვენახა, თუ რას გეგმავენ ამ მიმართულებით ვაქცინის მწარმოებელი სხვა კომპანიებიც.

ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები Moderna-მაც დააანონსა – ისინი იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში დაიწყება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მარეგულირებლებისთვის ინფორმაციის გაზიარებას მარტში შეძლებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ვაქცინის შექმნაზე კომპანიაში დაჩქარებული წესით მუშაობენ.

„ვაქცინის შექმნის პროცესს ვამთავრებთ… კლინიკურ ცდებს რამდენიმე კვირის განმავლობაში დავიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ მარტში მარეგულირებელს ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოვახსენებთ“, – განაცხადა Moderna-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა.

აღსანიშნავია, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პარალელურად, Moderna კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებულ ვაქცინაზეც მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი. „ჩვენი მიზანია, ერთი ყოველწლიური ბუსტერი შევქნათ, რათა თავიდან ავირიდოთ ის პრობლემები, რომლებიც ადამიანებს უჩნდებათ, როცა ერთი ზამთრის განმავლობაში ორი ან სამი ვაქცინის მიღება უწევთ“, – განაცხადა ბანსელმა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტმა და ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, AstraZeneca-მაც დაიწყეს. როგორც ირკვევა, AstraZeneca-ს ახალი ვაქცინა ადენოვირუსული იქნება, მაგრამ ის ადამიანის დნმ-ში შეღწევას და მის დაინფიცირებას ვერ შეძლებს. ცნობისთვის, ამავე ტექნოლოგიას იყენებს Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, სენდი დაგლასის თქმით, ამგვარ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი დახმარებით ნებისმიერი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა გაცილებით უფრო მოკლე დროში შეიძლება.

ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამერიკულმა Johnson & Johnson-მაც დაიწყო: კვლევების საწყის ეტაპზე, ისინი იმ ადამიანების სისხლის ნიმუშებს აკვირდებიან, რომლებმაც მათი ბუსტერ-დოზის კლინიკურ ცდებში მიიღეს მონაწილეობა. J&J-ის ვაქცინების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მათაი მამენის თქმით, კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ვაქცინა ეფექტიანობის სასურველ მაჩვენებელს დადებს.

როგორც ირკვევა, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ამერიკული Novavax-იც მუშაობს – აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინას ამერიკული მარეგულირებლის თანხმობა არ მიუღია, რის გამოც, ამ ეტაპზე, ის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება. ამ ეტაპზე უცნობია, მუშაობენ თუ არა ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჩინური კომპანიები Sinopharm-ი და Sinovac-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *