ფოტო: Operative Media
საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, 5 მაისს ბაქოს ეწვია. მხარეების ცნობით, მოლაპარაკებების მიზანი „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაძლიერებაა. კერძოდ, ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავება და რეგიონში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა სურს.
სამხრეთკავკასიური ტურნე კალასმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით განაგრძო. მანამდე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ერევანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. ალიევთან შეხვედრისას კალასმა ყურადღება EU-სა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, „უფრო სტრუქტურირებული პარტნიორობის“ შესაძლებლობებიც განიხილოს.
კალასი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესსაც შეეხო და მეზობელ ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებას „ისტორიული შესაძლებლობა“ უწოდა. კალასის თქმით, ევროკავშირი ამ პროცესს სრულად დაუჭერს მხარს — დაწყებული ნდობის აღდგენის ღონისძიებებით, დასრულებული განნაღმვითი სამუშაოებით, რომელთა უმსხვილესი დონორიც სწორედ ევროპული ბლოკია.
ცნობისთვის, კალასის ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ერევანში სამიტის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანში იმყოფებოდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. დარგის ექსპერტთა შეფასებით, კალასისა და მელონის ვიზიტები ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში აზერბაიჯანის მზარდ როლზე მიუთითებს, განსაკუთრებით კი — ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, სადაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადა მსოფლიოს ენერგეტიკული კრიზისის საშიშროების წინაშე აყენებს.
შუა დერეფანი, ასევე ცნობილი, როგორც „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (TITR), სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებისგან შემდგარი სატრანსპორტო ქსელია, რომელიც ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს. აზერბაიჯანი შუა დერეფნის მთავარი სატრანზიტო ცენტრია, ამ მარშრუტის, როგორც ევრაზიული ალტერნატივის როლი კი განსაკუთრებით ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაიზარდა.















