ამ კვირაში „საქართველოს ბანკმა“ წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Bank of Georgia Update-ს უმასპინძლა, რომელზეც არაერთი სიახლე წარმოადგინა როგორც ინდივიდუალური, ასევე ბიზნესმომხმარებლისთვის. სიახლეების ჩამონათვალში მოხვდა როგორც „საქართველოს ბანკის“ სუპერაპად გარდაქმნისა და სკოლის მოსწავლეებზე ორიენტირებული ცალკე აპლიკაციის შექმნის ანონსები, ასევე არაერთი სხვა სიახლე ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერების, IT და დიზაინის სფეროებიდან.
თუმცა სიახლეების გარდა „საქართველოს ბანკის“ Update-ი კიდევ რამდენიმე ფაქტორით იყო გამორჩეული – საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპისა და მასშტაბის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ქართული კომპანიის მიერ წამყვანი დასავლური კორპორაციების მიერ გაკაფულ გზაზე შედგომა აღნიშვნის ღირსია. საინტერესოა ისიც, რომ „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეს ღონისძიება საეტაპოდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ამიერიდან მომხმარებლის მხრიდან ის განსხვავებულ ინტერესსა და ყურადღებას გამოიწვევს.
წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიებისთვის „საქართველოს ბანკმა“ ადგილიც შესაფერისად შეარჩია – თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე Mono Hall-ი, სადაც ძველი ახალს ხვდება და საინტერესო სინთეზს წარმოშობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კიბერპანკისა და მისტიკურობის ელფერით შთაგონებული საეტაპო ტექნოლოგიური ღონისძიებისთვის ადგილი შესაბამისად იყო შერჩეული. ტექნოლოგიური სიახლის აურას დაემატა ისიც, რომ პირველი Update-ის თითოეულ მონაწილეს „საქართველოს ბანკმა“ ამ დღის აღსანიშნავად პერსონალიზებული NFT-ნამუშევარი (კოლექციის ნახვა – აქ შეგიძლიათ) აჩუქა.
ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ყოველთვიურად მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან ოთხასი ათასი – ბანკის აპლიკაციას ყოველდღიურად იყენებს. ცხადია, რომ ამგვარ მოთხოვნას შესაბამისი პროდუქტების, სერვისებისა და განახლებების მიწოდებაც სჭირდება – გასული წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ აპის განახლება საშუალოდ კვირაში ორჯერ ხდებოდა, რაზეც ბანკში 700-ზე მეტი ადამიანით დაკომპლექტებული გუნდი ზრუნავს.
„საქართველოს ბანკის“ ტექნოლოგიური ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე უპრიანი იქნება, თუ თითოეულ სიახლეს დეტალურად მიმოვიხილავთ.
„საქართველოს ბანკის“ სუპერ აპი
თანამედროვე სამყაროში, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად საოცრად დინამიკურიცაა, ადამიანებს, მათი პიროვნული თვისებებიდან, ინტერესებიდან, სამუშაო ადგილიდან და სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე – განსხვავებული მოთხოვნილებები უჩნდებათ. „საქართველოს ბანკმა“ მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნის პროცესი სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ დაიწყო: კომპანიამ ისინი ფინანსების კონტექსტში თარგმნა და ხუთი ძირითადი კატეგორიისგან შემდგარი კონცეფცია წარმოადგინა – ყოველდღიური ბანკინგი, ფინანსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ლაიფსტაილი და შოპინგი, გართობა და სიახლეები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუპერ აპის კონცეფცია თანამედროვე გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდია, რომელიც უმეტესწილად მომხმარებლებისთვის უკეთესი და გაცილებით უფრო სრულყოფილი სერვისის მიწოდებას და მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ემსახურება – ყოველივე ამის ყოველდღიური სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებით.
„საქართველოს ბანკისთვის“ „სუპერ აპი არის პროდუქტი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სერვისის ნაკრებს და აძლევს პარტნიორი კომპანიების დეველოპერებს მთავარ პროდუქტში მინი-აპლიკაციების ინტეგრირების შესაძლებლობას“. თავისთავად ეს კონცეფცია არახალია – მსოფლიოში სუპერ აპის ბიზნესმოდელის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. განსაკუთრებით საინტერესოა ჩინური WeChat-ის მაგალითი, რომელიც ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა. დღეს WeChat-ს 1.3 მილიარდი ადამიანი იყენებს და ამ აპლიკაციით თითქმის ყველაფერია შესაძლებელი, მესიჯის გაგზავნიდან – პროდუქტების ყიდვასა და ტაქსის გამოძახებამდე. მეტიც, დღეს WeChat-ი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე აპლიკაცია – ის ჩინელების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
თუმცა არსებობს სუპერ აპად გარდაქმნის ქეისები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ მიდგომას გაცილებით უკეთესად ასახავს – ასეთია ბრიტანული Revolut-ი და ყაზახური Kaspi. სუპერ აპად გარდაქმნამდე, პირველი – რევოლუციური ფინტექ-კომპანია იყო, ხოლო მეორე – ტრადიციული ბანკი. საინტერესოა, რომ „საქართველოს ბანკის“ კონცეფცია აერთიანებს როგორც ფინანსურ, ასევე საყოფაცხოვრებო მიმართულებას, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ბანკი მაინც ფინანსური სერვისების განვითარებით იქნება დაკავებული.
ისე კი, სუპერ აპად გარდაქმნისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის – პირიქით, ამ გზაზე კომპანიის წარმატებისა და წარუმატებლობის განმსაზღვრელი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი – მომხმარებელთა ბაზა და დიდი დატაა. იმისთვის, რომ აპლიკაცია სუპერ აპად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ის ყოველდღიური გამოყენების სერვისად აღიქვას და მნიშვნელოვან საქმეთა დიდი ნაწილი სწორედ აპლიკაციაში გააკეთოს. ზემოხსენებულ პარამეტრებს „საქართველოს ბანკი“ უდავოდ აკმაყოფილებს – ბანკის აპლიკაციაში, ყოველთვიურად, მილიონამდე ადამიანი თერთმეტ მილიონ ტრანზაქციას ახორციელებს. ამასთანავე, ტრანზაქციული ბანკინგის 70% სწორედ მობილბანკში ხდება, სადაც ასევე იყიდება ათიდან სამი საბანკო პროდუქტი.
როგორც უკვე აღვნიშნე, „საქართველოს ბანკის“ სუპერ აპის კონცეფცია რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს – მათ შორისაა ინვესტიციების მოდული, რომელსაც მალე კრიპტოვალუტებით მარტივად ვაჭრობის სერვისიც დაემატება. ამასთანავე, სულ მალე, „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციიდან მომხმარებლები ისარგებლებენ მობილური კომერციით (QR-ით), ასევე შეძლებენ ავტო- და სამოგზაურო დაზღვევის და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრები თუ სამოგზაურო ბილეთების შეძენას. თავისთავად ცხადია, რომ ყველაფერი ეს არის მზადება ბანკის აპლიკაციაში მობილური მარკეტპლეისის ჩაშენებისთვის, რომელიც სუპერ აპის ტრადიციული კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.
„საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის პლატფორმა
როგორც უკვე აღვნიშნე, „საქართველოს ბანკის“ ღონისძიების ერთ-ერთი ნათელი წერტილი მისი მრავალფეროვნება გახლდათ – Update-ზე წარმოდგენილი სიახლეები ეხებოდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ბიზნესმომხმარებლებს. საინტერესოა, რომ ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით, „საქართველოს ბანკმა“ სრულად ციფრული მიდგომის დანერგვა განიზრახა, რისთვისაც გადახდების მართვის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ გადახდების მართვის პლატფორმა უნივერსალური იქნება: იქ შესაძლებელი იქნება როგორც გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა, ასევე ინდუსტრიის ანალიზის ჩატარება, პლატფორმაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ, თუ როგორ იზრდება მათი ონლაინური და ფიზიკური ბიზნესი, გაიცნონ საკუთარი კომპანიის ტიპური, აქტიური და პასიური მომხმარებელი და შეადარონ საკუთარი შედეგები ინდუსტრიის მონაცემებს.
„საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ი
„საქართველოს ბანკის“ მიერ დაანონსებული კიდევ ერთი სიახლე, იურიდიული პირებისთვის შექმნილი Bank of Georgia Ads Manager-ია – ეს სიახლე გულისხმობს ერთიანი ციფრული სივრცის შექმნას, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ყველა იმ ბენეფიტის შესახებ, რომლებიც იმ დროს მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი – საუბარია ხელოვნური ინტელექტის მიერ მომხმარებლისათვის პერსონალიზებულ ფასდაკლებებზე, ქეშბექებზე, ლოიალობის ქულებსა და სხვადასხვა შეთავაზებაზე.
„საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ი იმგვარ პლატფორმას გულისხმობს, რომლის დახმარებით ბიზნესი, მომხმარებლებს მათთვის ყველაზე საინტერესო და ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, „საქართველოს ბანკის“ ციფრული არხებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. ამრიგად, ბიზნესი საკუთარი ციფრული კამპანიის დაგეგმვას, ბიზნესმიზნისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას შეძლებს.
საინტერესოა, რომ კამპანიის დასრულების შემდეგ, დეტალურ ანალიტიკასაც მიიღებს, სამომავლო განვითარებისთვის – ბიზნესის მმართველები გაიგებენ, თუ ვინ არის მათი მომხმარებელი და როგორია მათი ქცევის წესები და განაწილება ასაკის, სქესის, ლოკაციური და დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. გამოდის, რომ ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი მომხმარებელი უკეთ გაიცნონ, რაც აუცილებლად აისახება როგორც ორმხრივ ურთიერთობაზე, ასევე წარმოებულ პროდუქტებსა თუ სერვისებზე.
API.BOG.GE
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ Update-ზე წარმოადგინა – API-სერვისების განახლებული პლატფორმაა, რომლითაც ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე ადამიანებისთვის საჭირო ხელსაწყოები ერთ პლატფორმაზე მოგროვდა. როგორც ღონისძიებაზე გაირკვა, ვებგვერდზე არსებული ყველა დოკუმენტაცია მოწესრიგებული, გამარტივებული, სტანდარტიზებული და ორ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება.
Update-ზე წარმოდგენილი API-პროდუქტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია BOG ID-ი, რომლითაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე სოციალურ ქსელებში უკვე გამოყენებული სახელითა და პაროლით დარეგისტრირდნენ – ეს სერვისი დაახლოებით ისაა, რაც ალბათ ყველას გამოგვიცდია სხვადასხვა საიტზე Google-ის ან Facebook-ის ანგარიშებით დარეგისტრირებისას. ცხადია, რომ „საქართველოს ბანკის“ ეს ფუნქციონალიც რუტინული პროცესების შემცირებას ემსახურება, მაგრამ ამასთანავე, მომხმარებლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი ბიომეტრიული პროცესების ჩანაცვლებით, ის ტექნოლოგიურ კომპანიებსაც ხელს უწყობს.
საერთო ჯამში, API-პროდუქტებისთვის ცალკე სივრცის შექმნის პათოსი მარტივად გასაგებია – ბანკს სურს, რომ ტექნოლოგიური კომპანიები დიზაინსა და ტექნოლოგიურ მხარეზე ფოკუსირდნენ, ხოლო საბანკო ნაწილთან დაკავშირებით თავი მშვიდად იგრძნონ. ზემოხსენებული ფუნქციონალის გარდა, სხვადასხვა API-პროდუქტის დანერგვით, ბიზნესებს მომხმარებლების ციფრული რეგისტრაცია, მათი ამონაწერის გაანალიზება და მასზე დაყრდნობით ციფრული ფინანსური მრჩევლის ფუნქციონალის გაშვება, სხვადასხვა საბანკო პროდუქტის ერთმანეთთან შედარება და გადარიცხვების უფრო მარტივად და იაფად შესრულება შეუძლიათ.
ნაწილ-ნაწილ
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ბანკის“ პირველი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი ღირსშესანიშნაობა, სუპერ აპის კონცეფციასთან ერთად, ცხადია, ნაწილ-ნაწილ გადახდის ფუნქციონალის დაანონსება იყო. ამიერიდან, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები პროდუქტებისა და სერვისების შეძენას ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე, ნაწილ-ნაწილ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, კონკრეტული პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს ხშირად უწევდა, აერჩია: სამომხმარებლო სესხი აეღო, განვადების სერვისით ესარგებლა, საკრედიტო ბარათი გამოეყენებინა თუ ნაღდი ფული დაეხარჯა. თუმცა ნაწილ-ნაწილ გადახდის ფუნქციონალის დანერგვით, „საქართველოს ბანკმა“ თვისებრივად ახალი საბანკო პროდუქტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს ზემოხსენებულ პრობლემებს აარიდებს და მათ პროდუქტებთან და სერვისებთან წვდომას გაუმარტივებს.
თუმცა ნაწილ-ნაწილ გადახდა არამხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვისაა სასარგებლო – საქმე ისაა, რომ ამ ფუნქციონალის გააქტიურებით იზრდება როგორც ზოგადად მომხმარებლებისა და გადახდისუნარიანი მომხმარებლების რაოდენობა, ასევე მათი საშუალო დანახარჯი. ამგვარი ზრდა კი, ცხადია, ბიზნესისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
მომხმარებლის ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის ლიმიტი მობილბანკში ჩანს – ამ ფუნქციონალის გამოყენება შეიძლება „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ მაღაზიებში როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად. საინტერესოა ისიც, რომ ამ საბანკო პროდუქტის გამოყენება შეიძლება რამდენიმე ნივთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაშიც – შენაძენის მინიმალური ღირებულება 45 ლარს შეადგენს.
თუმცა ნაწილ-ნაწილ გადახდა ერთადერთი საბანკო სერვისი არ გახლავთ – „საქართველოს ბანკმა“ დააანონსა, რომ ბიზნესსესხის აღების პროცესის სრულ გაციფრულებაზე მუშაობს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, „საქართველოს ბანკის“ ღონისძიების გარკვეული ნაწილი კომპანიის მიერ გასულ წელს მიღწეული შედეგების შეფასებას დაეთმო – ასე იყო ქლაუდ-ტექნოლოგიების შემთხვევაშიც. როგორც „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვაჟა მანტუამ განაცხადა, 2021 წელს ბანკის ყველა სისტემაზე 60 ათასი ცვლილება განხორციელდა, ქსელურმა მოწყობილობებმა 12 პეტაბაიტის მოცულობის ქსელის ტრაფიკი გაატარეს, ხოლო ქოლ-ცენტრებმა 160 ათასი საათის განმავლობაში იმუშავეს.
„საქართველოს ბანკის“ დიზაინ-სისტემა
„საქართველოს ბანკის“ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ ბანკი განახლებულ დიზაინ-სისტემაზეც მუშაობს: როგორც აღმოჩნდა, დიზაინისა და დეველოპმენტის სისტემა, ამ დრომდე, საკმაოდ ქაოსური იყო – სხვადასხვა ვებგვერდზე კომპანია ოცდაათზე მეტ განსხვავებულ ღილაკს, ჩასაწერ ველსა და სხვა მსგავს დეტალს იყენებდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, „საქართველოს ბანკმა“ დიზაინ-სისტემის ახლიდან შექმნა გადაწყვიტა, რისთვისაც უკვე არსებულ ცოდნას დაეყრდნო. შედეგად, „საქართველოს ბანკის“ დიზაინის გუნდმა ატომური დიზაინი შეარჩია – ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, დიზაინის აწყობა უმცირესი ნაწილაკებისგან, ატომებისგან (მცირე ტექსტები და ვიზუალური მაჩვენებლები) იწყება – ატომებისგან იქმნება მოლეკულები (ძიებისა და კომენტარის ველები), მოლეკულებისგან – ორგანიზმები, ორგანიზმებისგან – შაბლონები, ხოლო შაბლონებისგან – ეკრანები და გვერდები, რომლებთან მომხმარებელი ურთიერთობს.
„საქართველოს ბანკის“ დიზაინ-სისტემა ორი უმთავრესი მიზნისთვის შეიქმნა: ერთი მხრივ, ყველა ციფრულ არხში მომხმარებლებისთვის ერთიანი, მოქნილი და ინტუიციური გამოცდილების შესაქმნელად, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებში ცვლილებების უფრო მარტივად შესატანად.
ქართული მეტყველების ტექნოლოგიები
„საქართველოს ბანკის“ მიერ წარმოდგენილ სიახლეებს შორის ერთ-ერთი მიმართულება – ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება – ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამ ინიციატივით, „საქართველოს ბანკს“ სურს, რომ ქართული ენის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა – „საქართველოს ბანკის“ ჩატბოტი ამის ნათელი მაგალითია.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აღნიშნული ტექნოლოგიების დახვეწას და შეიძლება, რომ სამომავლოდ, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნის საფუძვლადაც კი იქცეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიაში დახელოვნებული გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები ქართულ ენაზე მსგავსი პროდუქტის შექმნით არ არიან დაინტერესებულნი, ქართულად მოსაუბრე ადამიანების რაოდენობრივი სიმწირიდან გამომდინარე.
თუმცა იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია დაიხვეწოს და ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის საუბრის გარჩევა შეძლოს, მას რამდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს – მათ შორისაა ორაზროვნება, მრავალგანზრახვიანობა, მართლწერის შეცდომები და მრავალი ენის ბარიერი. ამ სირთულეების გამო, ხმოვან ასისტენტსა და მომხმარებელს შორის საუბარი ხშირად არასტანდარტული და უშინაარსო გამოდის. თუმცა მოუგვარებელი არც ეს პრობლემაა – ქართული ენის ეტაპობრივი გაციფრულებით, მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო მარტივი და ეფექტიანი გახდება.
ახალი აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ბანკის“ Update-ის ერთ-ერთი ნათელი მოვლენა ღონისძიების დასასრულს მოხდა, როცა ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ხორგუანმა სკოლის მოსწავლეებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ახალი საბანკო აპლიკაციის შექმნა დააანონსა.
ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური საბანკო გამოცდილება ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება, მათ შორის გართობას, გემიფიკაციას, განათლებასა და სოციალიზაციას – საინტერესოა, რომ „საქართველოს ბანკი“ ბავშვების ფინანსურ განათლებაზეც იზრუნებს. სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი აპლიკაციის ფუნქციონალს რაც შეეხება, ის საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება – ბავშვები შეძლებენ, მშობლებს თანხა სთხოვონ, სახალისო დავალებები შეასრულონ და ფინანსური განათლება მიიღონ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის შექმნის იდეის გაჩენიდან დღემდე, მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე, მის განვითარებასა და დახვეწაში თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
„საქართველოს ბანკის“ ახალი აპლიკაციის დახურული ბეტა-ვერსია ამა წლის ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი.