ბანკები საქართველოში

ბანკები საქართველოში

ჩვენ მიმოვიხილეთ 2015 წლის საბანკო სექტორის ძირითადი ტენდენციები და მოვლენები, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული ნეგატიური მოვლენების გავლენა საქართველოს საბანკო სექტორზე.

მსოფლიო ეკონომიკა და მისი ტენდენციები

2015 წელი მსოფლიოში არასახარბიელო ეკონომიკური პერსპექტივებითა და შენელებული ზრდით ხასიათდებოდა, რაც განვითარებადი ეკონომიკების ზრდის ტემპების შემცირებასა და განვითარებული ეკონომიკების ზომიერ გაჯანსაღებაში გამოიხატა. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებამ, ენერგომატარებლების ფასის მნიშვნელოვანმა შემცირებამ და ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის თანამიმდევრულმა გამკაცრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც მსოფლიო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე.

ენერგომატარებლების ფასის შემცირებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც ენერგომატარებელი ქვეყნების შიდა ბაზრებზე, ასევე გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ინდუსტრიებში ინვესტიციების მოცულობაზე, რამაც ასეთი ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკის განვითარებაში შემაფერხებელი როლი ითამაშა. დღეის მდგომარეობით ფიუჩერსულ ბაზრებზე პროგნოზირებენ მხოლოდ ფასების არაარსებით ზრდას 2016 და 2017 წლებში, რაც ასევე არ ქმნის ოპტიმისტურ მოლოდინებს ამ ტიპის ქვეყნების ეკონომიკების მიმართ. ასეთ სიტუაციაში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების უმეტესობა ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, რაც მათი შიდა ბაზრის მოთხოვნაზე უარყოფითად აისახება.

მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ განვითარებად ქვეყნებში ფინანსური მდგომარეობა გაამწვავა, რაც ადგილობრივი ვალუტების დასუსტებასა და კაპიტალის შედინების შემცირებაში გამოიხატა. ამ პოლიტიკის შედეგად 2015 წლის განმავლობაში საქართველოს უკლებლივ ყველა სავაჭრო პარტნიორმა განიცადა ამა თუ იმ დონით ეროვნული ვალუტის დევალვაცია.

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2016 – 2017 წლებში შესაბამისად შეადგენს 3.1%-სა და 3.4 %-ს. ამ მოლოდინების მიხედვით განვითარებული ეკონომიკების ზრდამ 2016 – 2017 წლებში 1.8% უნდა შეადგინოს. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგრადობა გამოიხატება უძრავი ქონების სექტორის გაძლიერებასა და ძლიერ შრომის ბაზარში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დოლარის გამყარების ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს საწარმოო სექტორზე, ხოლო ნავთობის დაბალი ფასები ამცირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს. ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები, მართალია, განიცდიდნენ წმინდა ექსპორტის შემცირებას, მაგრამ ნავთობის დაბალმა ფასებმა და შიდა მოხმარების ზრდამ, გააბათილა სუსტი ექსპორტის ეკონომიკური შედეგები.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს: 2015 წელს მათი ეკონომიკის 4%-იანი ზრდის შემდგომ (რაც 2008-2009 წლების კრიზისის მერე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია) 2016 და 2017 წლებში პროგნოზირებენ 4.1% და 4.6%-იან ზრდას. ასევე ივარაუდება, რომ 2016 და 2017 წლებში გაგრძელდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება 6.4% და 6.3% -მდე; ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიუხედავად კარგი წინაპირობებისა, მომავალი 2 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არასახარბიელოა, რასაც მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაცია და ნავთობის დაბალი ფასების მოლოდინი განაპირობებს. უცვლელი ტემპებით გაგრძელდება ევროპის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა გარდა რუსეთისა, სადაც მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება ეკონომიკური სანქციებისა და ენერგომატარებლების დაბალი ფასების გამო.

მსოფლიოს ეკონომიკის გავლენა საქართველოზე და ქართული ეკონომიკის სხვა ტენდენციები

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე. პირველ რიგში აღსანიშნავია საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების დიდი ნაწილის ეკონომიკა (მაგალითად: რუსეთის, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების ფასებზე, რამდენადაც ნავთობისა და გაზის მოპოვება მათი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, ფასების შემცირებამ საგრძნობი ზარალი მიაყენა მათ ეკონომიკებს. ასე მაგალითად: რუსეთის ეკონომიკის შემცირებამ 2015 წელს 3,7 % შეადგინა, ხოლო რუსულმა რუბლმა აშშ დოლართან მიმართებით 22%-იანი გაუფასურება განიცადა. აზერბაიჯანის ეროვნულმა ვალუტამ, მანათმა, 50%-იანი გაუფასურება განიცადა და ეკონომიკურმა ზრდამ 1.1% შეადგინა. რთულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ უკრაინის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შედეგად უკრაინის ეკონომიკამ განიცადა 9,9 %-იანი შემცირება და დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი ტემპი. დევალვაცია განიცადა თურქულმა ლირამაც, რომელიც აშშ დოლართან მიმართებით 25%-ით გაუფასურდა, ხოლო ეკონომიკის ზრდამ 3.98% შეადგინა. ასეთი ფაქტორების გამო შემცირდა საქართველოს ექსპორტის შემოსავლები, რომლებიც წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. შედეგად ქართული ეკონომიკის ზრდა შეფერხდა და უცხოური ვალუტის შემოდინება ქართულ ეკონომიკაში შემცირდა.

ასეთი ნეგატიური ეკონომიკის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა წინა წლებთან შედარებით შენელდა და 2.8% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად კლება დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებში, რომლებიც შესაბამისად 4.9%-ითა და 0.3%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობის შედეგად მშენებლობის დარგში დაფიქსირდა 15.2%-იანი ზრდა, რამაც გარკვეულწილად გაანეიტრალა ეკონომიკის სხვა სექტორების უარყოფითი ტენდენციები. 2014 წელთან შედარებით ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა გაზარდა ტურისტული სექტორისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შემოსავლები.

რუსეთისა და საბერძნეთის ეკონომიკებში არსებულმა სირთულეებმა ექსპორტის შემცირების პარალელურად გამოიწვია ტრანსფერების შემცირება, რამაც დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქცია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და განაპირობა 2015 წელს ლარის კურსის დაცემა აშშ დოლართან მიმართებით 28.5%-ით.

ვალუტის დასუსტებამ, თავის მხრივ, გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაძვირება, რამაც ქართულ ეკონომიკაში ინფლაციური ტენდენციების საშიშროება გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასების შემცირებამ შეარბილა ეს ტენდენციები, ინფლაციური მოლოდინები წლის განმავლობაში მაინც აქტიური იყო, რამაც აიძულა ეროვნული ბანკი გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მკვეთრი შემცირების მიუხედავად. ასეთი პოლიტიკის შედეგად 2015 წელს ფულადი ბაზრის საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.

საბანკო სექტორის ზოგადი დახასიათება

საბანკო სექტორი 2015 წელს აგრძელებდა ინსტიტუციონალური გაძლიერების პროცესს. ამ პროცესის ნაწილია TBC ბანკის მიერ 2016 წლის აგვისტოში განხორციელებული აქციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟის ფასიანი ქაღალდების პრემიუმბაზარზე. ასევე, საქართველოს ბანკის შვილობილი საწარმოს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმბაზარზე განთავსება, 2015 წლის ნოემბერში.

ასევე აღინიშნება დიდი საბანკო ჯგუფების მზარდი ინტერესი ქართულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საშუამავლო საქმიანობის მიმართ. TBC Bank-ის ჯგუფი ჩაერთო ორი სავალო ინსტრუმენტის გამოშვების პროცესში, რომლის მთლიანი ღირებულება 148 მილიონ ლარს შეადგენდა. საქართველოს ბანკის ჯგუფმა 100 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას უშუამდგომლა. ასევე აღსანიშნავია „ფაშა ბანკის“ შუამდგომლობით „ფინკა ბანკის“ მიერ 20 მილიონი ლარის ნომინალის ობლიგაციების გამოშვება, რომელიც 2015 წელს განხორციელდა. ამ პროცესის ნაწილია საქართველოს ბანკის შვილობილი საწარმოს „გალტ ენდ ტაგარტის“ მიერ „საქსო ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც თავის კლიენტებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრებზე მოახდინონ თავიანთი თანხების ინვესტირება. ამგვარი ტენდენციები ცხადყოფს რომ კორპორაციული სექტორი ნელ-ნელა იწყებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ობლიგაციების გამოშვების გზით.

2015 წელს საბანკო სექტორში გამოიკვეთა კომერციულ ბანკებს შორის საცალო სეგმენტისათვის გაძლიერებული კონკურენცია, რაც კორპორაციული სექტორის ზრდის დაკარგვით შეიძლება აიხსნას, ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდის შემცირების პირდაპირი შედეგია. საბანკო სექტორის წამყვანი მოთამაშეების სტრატეგიები 2015 და 2016 წლებში მიმართული იყო და არის სწორედ ამ სექტორის განვითარებისაკენ, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო და, ასევე, მიკროსაფინანსო სეგმენტზე.

საბანკო სექტორში გრძელდება ბანკების გამსხვილების პროცესი. 2015 წელს განხორციელდა TBC ბანკისა და „ბანკ კონსტანტას“ შერწყმა, ასევე „პრივატ ბანკი“ შეიძინა „საქართველოს ბანკმა“, ხოლო 2016 წელს TBC ბანკმა შეისყიდა „ბანკი რესპუბლიკა“ და „პროგრეს ბანკი“.

 

საბანკო აქტივების დინამიკა

2015 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელმა 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წლიურმა ზრდამ 5.5% შეადგინა, რაც შენელებული ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციური მოლოდინების შედეგია. აგრეგირებული პორტფელის შემადგენლობა 2015 წლის განმავლობაში კარდინალურად არ შეცვლილა, თუმცა წინა წლებთან შედარებით აღინიშნა მცირე და საშუალო სესხების სეგმენტის 26% -იანი ზრდა, რამაც 3,056 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ჩამორჩება კორპორაციული სესხებისა (4,924 მილიონი ლარი) და საცალო სესხების (5,739 მილიონი ლარი) ოდენობას.

ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგია ლარში განთავსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. რაც შეეხება დოლარში გაცემულ სესხებს, ამ სეგმენტში არ შეინიშნება საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საბანკო სისტემაში უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობის დაგროვებამ გამოიწვია.

ვალდებულებები და ანაბრები

2015 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის ვალდებულებების სტრუქტურაში ძირითად ცვლილებებს განაპირობებდა საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების წილის ზრდა, თუმცა ამ ტენდენციას არ ჰქონია არსებითი ხასიათი.

2015 წლის განმავლობაში დეპოზიტები 2,72 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინების გარეშე წინა წელთან შედარებით 5.4%- იან ზრდას წარმოადგენს. ვალდებულებების სტრუქტურში, გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინების გარეშე ფიზიკური პირების ანაბრები 4%-ით გაიზარდა, იურიდიული პირებისა კი – 7%-ით. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საბანკო სექტორის საცალო დაფინანსებამ განიცადა, იყო გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინის შედეგად დეპოზიტების დოლარიზაციის დონის ზრდა.

საბითუმო დაფინანსება 2015 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა დივერსიფიცირებულ სტრუქტურას. მთლიანი დაფინანსების 47% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდიოდა, 14% – მფლობელებსა ან დაკავშირებულ მხარეებზე, ხოლო 39% – სხვა კერძო ინსტიტუტებზე. გასათვალისწინებელია, რომ საბითუმო დაფინანსების უმეტესი ნაწილი გრძელვადიანი ბუნებისაა, რაც საბანკო სისტემას შესაძლო ლიკვიდურობის შოკებისაგან იცავს.

საბანკო სექტორის მოგებიანობა

საბანკო სექტორის უკუგებამ საშუალო აქტივებსა და კაპიტალზე 2.3% და 15.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანად არ განსხვავდება წინა წლების ანალოგიური მაჩვენებლებისგან.

წლის განმავლობაში საბანკო სექტორი განიცდიდა როგორც გაცემული სესხების, ასევე მოზიდული დეპოზიტების პროცენტული განაკვეთების შემცირებას. იმის გამო, რომ სასესხო პორტფელის საპროცენტო განაკვეთები უფრო მეტად შემცირდა, საბანკო სექტორში აღინიშნებოდა საპროცენტო სპრედის შემცირება. ნეგატიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია, ასევე, სესხების დანაკარგების ხარჯების ზრდა, რაც ლარის გაუფასურების შედეგად უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხარისხის შემცირების შედეგია.

თუმცა, მეორე მხრივ, საბანკო სექტორმა შეძლო ხსენებული უარყოფითი ფაქტორების განეიტრალება. პირველ რიგში აღინიშნა უცხოური ვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული საკომისიო შემოსავლების ზრდა, რაც წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობამ გამოიწვია. ამის გარდა, საბანკო სექტორმა შეძლო ხარჯების ეფექტიანად შემცირება, რაც მთლიანი ხარჯებისა და შემოსავლების შეფარდების კოეფიციენტის შემცირებაში აისახა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: ლიკვიდურობის ზრდის ფონზე განხორციელდა ლიკვიდური აქტივების მოგებიანობის ზრდა, რომელთა ინვესტიცია განხორციელდა გაზრდილი შემოსავლიანობის მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და სახაზინო ვალდებულებებში; ხოლო სასესხო პორტფელის ზრდა პოზიტიურად აისახა საპროცენტო შემოსავლებზე.

შეჯამება

მიუხედავად უკიდურესად გამწვავებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და ქართული ეკონომიკის ზრდის შემცირებული ტემპებისა, საბანკო სექტორისთვის 2015 წელი წარმატებული გამოდგა, რადგან მან შეძლო არსებული გამოწვევების დაძლევა. სექტორის მონაწილეთა უმრავლესობამ წელი პოზიტიური შედეგებით დაასრულა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს გაასწრო. ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებლები და კაპიტალის ადეკვატურობის დონის საიმედო ნიშნულზე ყოფნა საბანკო სექტორისთვის ქმნის გარკვეულ წინაპირობას, კვლავაც გაუმკლავდეს დამატებით საგარეო შოკებს მათი არსებობის შემთხვევაში.

2016 საბანკო სექტორისათვის ცვლილებების წელია. 2015 წელს დაწყებული ეკონომიკური სირთულეები 2016 წელსაც გრძელდება მეტ-ნაკლები სიმწვავით. რაც საბანკო სექტორის წინაშე აყენებს მისი შედეგების გათვალისწინებისა და მათზე კორექტული რეაგირების ამოცანებს.

ასევე აღსანიშნავია 2016 წლის დასაწყისში ჩატარებული ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ეროვნული ბანკის მიდგომები არსებითად არ შეცვლილა, შესაძლოა, მომავალში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ვიხილოთ, რომლებიც საბანკო სექტორისგან შესაბამის რეაგირებასა და ადაპტაციის უნარს მოითხოვს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც 2016 წელს უცილობლად გამოარჩევს წინა პერიოდებისაგან, ქვეყნისთვის საკმაოდ კრიტიკული არჩევნების წელია. ტრადიციულად წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკური დაძაბულობით გამოირჩევა, რაც არ არის სახარბიელო სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ვფიქრობთ, საბანკო სექტორი მზადაა 2016 წლის გამოწვევების დასაძლევად.

სტატია მომზადებულია EY საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, კომერციული ბანკების გამოქვეყნებული ფასს-ის ანგარიშგებებზე, ეროვნული ბანკის საჯარო სტატისტიკასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *