საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953.05 მილიონი ლარით, 1.94%-ით გაიზარდა. შედეგად, ოქტომბრის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 50.12 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.55%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მილიონი ლარით, 1.60%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მილიონი ლარით, 2.36%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.21 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.04 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 2.51%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 1.43%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 26.12 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.82% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.18 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.