„ბასკინ რობინსის“ დაბრუნება საქართველოში - ამერიკული ბრენდი მთელ საქართველოს დაფარავს

„ბასკინ რობინსის“ დაბრუნება საქართველოში - ამერიკული ბრენდი მთელ საქართველოს დაფარავს

ამერიკული ნაყინის ბრენდის „ბასკინ რობინსის“ პირველი კაფე საქართველოში უკვე გაიხსნა და პირველივე დღესვე მასთან მომხმარებელთა გრძელი რიგებიც დაფიქსირდა. ეს საქართველოში „ბასკინ რობინსის“ პირველი შემოსვლა არ არის, ამერიკული ბრენდი ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებშიც შემოვიდა, თუმცა შემდეგ დაიხურა. ახლა კი მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა „ბასკინ რობინსის“ ნაყინი საქართველოშიც დააგემოვნოს. პირველი კაფე თბილისში, ჭავჭავაძის #17-ში გაიხსნა.

საქართველოში ნაყინის ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელი კომპანიის „ბ&რ ჯორჯიაა“. კომპანიაში ამბობენ, რომ მსოფლიო ბრენდის საქართველოში შემოყვანისა და ფილიალების ამოქმედებისთვის კომპანიამ 1 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, კომპანია ჯამში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. მომხმარებელი კი საქართველოში „ბასკინ რობინსის“ 150 სახეობის ნაყინის დაგემოვნებას შეძლებს.

„ბასკინ რობინს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელმა ნიკა ზაქარაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოყვანა და რა გეგმები აქვს კომპანიას.

მისი თქმით, საქართველოში პრემიალური ნაყინი არ იყო. ამიტომაც გადაწყდა ამ ბრენდის შემოყვანა. რაც შეეხება ფასს, ზაქარაშვილის თქმით, საქართველოს ბაზრისთვის „ბასკინ რობინსის“ ნაყინს იდეალური ფასი აქვს.

„ჩვენ რამდენიმე თვე მოვანდომეთ „ბასკინ რობინსთან“ მოლაპარაკებას, რათა საქართველოში ყოფილიყო სპეციალური ფასი. ზოგადად, „ბასკინ რობინსის“ ნაყინი ძვირია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ ბრენდის ნაყინი ყველაზე დაბალ ფასად იყიდება“, – განაცხადა მან.

„ბასკინ რობინსის“ ნაყინის კაფეები მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამოჩნდება. საერთო ჯამში 20 კაფეს გახსნა იგეგმება. მხოლოდ წელს 10 კაფეს უნდა ველოდოთ, მათ შორის ბათუმში ორი კაფე გაიხსნება, გორსა და თერჯოლაში – თითო-თითო. ასევე დაემატება თბილისს მორიგი კაფეები, სავაჭრო ცენტრებში: „ისთ ფოინთში“, „სითი მოლსა“ და „გალერია თბილისში“.

გარდა ამისა, ნიკა ზაქარაშვილის თქმით, 15 ივნისიდან მომხმარებელს „ბასკინ რობინსის“ ნაყინის ყიდვის შესაძლებლობა რომელიმე რითეილ-ქსელშიც ექნება. თუმცა რომელში, ჯერ უცნობია. ასევე პრემიუმდონის ნაყინი შევა მაღალი კლასის რესტორნებსა და სასტუმროებშიც.

ცნობისთვის, ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი” 1945 წელს, კალიფორნიაში, ბერტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში.

თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველდღე, ახალი გემო გაესინჯა. დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის – ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმხარისხის ნაწარმი.