კოვიდვაქცინის მწარმოებელ BioNTech-ის მოგება პირველ კვარტალში €1.13 მლრდ იყო

კოვიდვაქცინის მწარმოებელ BioNTech-ის მოგება პირველ კვარტალში €1.13 მლრდ იყო

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, BioNTech-მა, 2021 წლის პირველ კვარტალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვებიდან €1,13 მლრდ ($1.37 მლრდ) მოგება მიიღო. BioNTech-ისთვის მოგების ამგვარი მაჩვენებელი მკვეთრ შემობრუნებას ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის პირველ კვარტალში სიმსივნის მკურნალობის კვლევების გამო კომპანიამ €53 მლნ-ით იზარალა.

გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 2021-2023 წლების პერიოდში ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის 1.8 მლრდ დამატებით დოზას მიიღებს.

ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, BioNTech-ი წარმოების გაფართოებას აზიაში გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, უახლოეს მომავალში სინგაპურში სათავო ოფისისა და ლაბორატორიების გახსნას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ BioNTech-Pfizer-ის ვაქცინა პირველი იყო, რომელმაც ევროპული და ამერიკული რეგულატორებისგან აღიარება მიიღო.

გერმანულმა კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა, ამერიკულ უმსხვილეს ფარმაცევტულ მწარმოებელ Pfizer-თან თანაშრომლობით, 2020 წლის დასაწყისშივე დაიწყო. წლის ბოლოს კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი mRNA-ის (მატრიცული რიბონუკლეინის მჟავა) ბაზაზე დაფუძნებული ვაქცინა შექმნა, რომელიც პაციენტების იმუნური სისტემის რეაქციას აძლიერებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *