ბათუმში ახალი ბინების ფასი 8%-ით გაიზარდა, ძველი ბინების - 16.2%-ით

ბათუმში ახალი ბინების ფასი 8%-ით გაიზარდა, ძველი ბინების - 16.2%-ით

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იანვართან შედარებით, 3.2%-ით გაიზარდა და 1,049 ერთეული შეადგინა. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 17.4%-ით, 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, იანვარში ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღირებულებას, საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,130 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16.2%-ით, კვ.მ.-ზე 1,100 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

აქვე გეტყვით, რომ 2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.