ბათუმის კუნძულის პროექტის გეოლოგიური თავსებადობის შესწავლა და ზღვის ფსკერის გამოკვლევა მალე დაიწყება

ბათუმის კუნძულის პროექტის გეოლოგიური თავსებადობის შესწავლა და ზღვის ფსკერის გამოკვლევა მალე დაიწყება

შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში ახალი პროექტი დაანონსდა – „ამბასადორი“ ქალაქის სანაპიროზე ორ ნახევარკუნძულსა და  ერთ კუნძულს ააშენებს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელმა, ფრიდონ ქათამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ პროექტი რეალურად 4 წლის წინ დაიწყო, შესაბამისად, ტერიტორიის საექსპერტო კვლევა და დიზაინის კონცეფციაზე მუშაობა ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, პროექტის გეოლოგიური თავსებადობის შესწავლა და ზღვის ფსკერის გამოკვლევა მალე დაიწყება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი უკვე სამუშაო პროექტის დასამზადებლად სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს.

„ახლა უკვე შესწავლის ნაწილზე ვართ გადასულები, გუშინდელი დღიდან დავიწყეთ ბათიმეტრიის შესწავლა, მოგეხსენებათ ზღვას მიმოქცევა ახასიათებს და ამას სჭირდებოდა ხელმეორედ გადამოწმება, მალე დაიწყება გეოლოგიური შესწავლა, ზღვის ფსკერის გაბურღვები და ამ მონაცემების მიღების შემდეგ დაიწყება სამუშაო პროექტის დამზადება. პროექტს დაამზადებს საერთაშორისო საზღვაო კომპანია და ამასთან დაკავშირებით ტენდერი გვექნება. გვქონდა კონტაქტი პორტის წარმომადგენლებთანაც, გავცვალეთ ინფორმაცია. რაც შეეხება ინდუსტრიასთან სიახლოვეს, ეს არ შეგვიშლის ხელს იმიტომ, რომ მათ სერიოზული დატვირთვა არ აქვთ.“ – განმარტა ქათამაძემ. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი კი 2028 წელი იქნება.

ინვესტორის ინფორმაციით, კუნძულზე განთავსებული იქნება სასტუმრო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს აკვაპარკისა და ბულვარის მშენებლობასაც, რაზეც პასუხისმგებლობას „ამბასადორი ჯგუფი“ აიღებს.

ფრიდონ ქათამაძის თქმით, პროექტი ტურისტული და დეველოპერული თვალსაზრისით დუბაის ანალოგთან მიახლოებული იქნება. თუმცა, დუბაის კუნძულისაგან განსხვავებით, მშენებლობა ადგილობრივი მასალისაგან განხორციელდება, რაც პროექტს უფრო იაფს და ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის კონცეფცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. „ამბასადორის ჯგუფს აქვს დიდი გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მენეჯმენტში, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო პროექტი იქნება, სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო, დასასვენებელი ზონები, აკვაპარკი, კუნძულზე იქნება საინტერესო ბულვარი, რესტორნები, იახტ-კლუბი, რაც საინტერესო მიზიდულობის ცენტრს შექმნის ტურისტებისთვის.

ჩვენი პროექტი საკმაოდ საინტერესო და რენტაბელურია, დუბაისთან შედარებით, იმიტომ რომ ადგილობრივი მასალებით წარიმართება მშენებლობა. ეს ყველაფერი სერიოზულად აიაფებს პროექტს. დუბაიში მოგეხსნებათ ქვა და ძირითადი საშენი მასალა სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიტანეს გემით. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ბათუმი მცირემიწიანი ტერიტორიაა და ზღვისპირა ზოლში მიწა ფაქტობრივად აღარ არის დატოვებული, ეს ახალი იმპულსი იქნება დეველოპერებისთვის და ტურისტული განვითარებისთვის, ბევრი სასტუმრო ნომერი შეიქმნება, ვილები, კლუბი და გასართობი ზონები.“ – დამატებით განმარტა ქათამაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას.

„ამბასადორის“ განმარტებით, კუნძულის აქტიური მშენებლობა დაახლოებით ერთ წელში დაიწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია ამბასადორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. მემორანდუმი ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად მხარეების მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პროექტი სრულიად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. კომპანიას კი პროექტის განსახორციელებლად 90 ჰექტარი ტერიტორია აღნაგობის უფლებით ქალაქ ბათუმში ბარცხანასა და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა. კუნძულის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციაა საჭირო, რასაც სრულიად კომპანია „ამბასადორი“ გაიღებს. პროექტის ფარგლებში 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.